საქართველოში უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რიცხვი შემცირდა

უნივერსიტეტების ნახევარზე მეტი თბილისში მდებარეობს
Sputnik

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საქართველოში 2018/2019 სასწავლო წლისთვის იყო დარეგისტრირებული 63 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, რაც შარშანდელთან შედარებით 12-ით ნაკლებია, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

უნივერსიტეტების უმეტესობა, კერძოდ კი 62%, თბილისში მდებარეობს.

სასწავლო წლებისახელმწიფო უნივერსიტეტებიკერძო უნივერსიტეტები
2017/20182055
2018/20191944

 

უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რაოდენობის შემცირება უკავშირდება ავტორიზაციის პროცესს, რომლის ფარგლებში ზოგიერთ მათგანს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ესენი არიან „საქართველოს ბიზნეს აკადემია“ (SBA), „ინტერბიზნეს აკადემია“, „შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია“ და „ილია ჭავჭავაძის სახელობის ცოდნის საზოგადოება“. დანარჩენ რვა სასწავლებელს ავტორიზაცია სტანდარტების შეუსაბამობის გამო ჩამოერთვა, განმარტეს განათლების ხარისხის მართვის ეროვნულ ცენტრში.

პროფსასწავლებლებში სტუდენტების რაოდენობა შემცირდა >>

საქართველოში უმაღლესი სასწავლებლების რიცხვის შემცირების მიუხედავად, სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა - 147,7 ათასი (+2,7%), აქედან 12,2 ათასი - უცხოელია.

ამასთან ადგილობრივი სტუდენტების 65% სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობს, ხოლო უცხოელ სტუდენტთა 65% უპირატესობას კერძო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს ანიჭებს.