საქართველოს გზებზე შეზღუდვების ნაწილი მოხსნილია

შეზღუდვები დიდთოვლობით იყო გამოწვეული, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გზები გაიხსნა
Sputnik

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა რამდენიმე გზაზე, სადაც შაბათიდან უამინდობის გამო შეზღუდვები იყო დაწესებული, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია შემდეგ ავტომაგისტრალებზე:

  • საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 90-112-ე კმ (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე;
  • ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე;
  • შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-40-ე კმ მონაკვეთზე;
  • ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი  ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და საერთაშორისო მნიშვნელობის  ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე;
  • ვერონა-შუამთის მონაკვეთზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა და  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე.