2018 წელს საქართველოს ეროვნულ პარკებს მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია

წლის განმავლობაში, ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 8 417 991 ლარი შეადგინა.
Sputnik

თბილისი, 2  მარტი — Sputnik. პირველად 2018 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ისტორიაში, საქართველოს ეროვნულ პარკებს 1 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, 2018 წელს საქართველოს ეროვნულ პარკებს რეკორდული რაოდენობის - 1 130 462 ვიზიტორი ეწვია.

ტურიზმის ახალი ზღვარი საქართველოსთვის – 11 მილიონი უცხოელი

მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით არის გაზრდილი. ვიზიტორთა შორის 53% ქართველია, ხოლო 47% უცხოელი.

„2018 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:  პრომეთეს მღვიმეს,  მარტვილის კანიონს, ყაზბეგის ეროვნულ პარკს, თბილსის ეროვნულ პარკს, ოკაცეს კანიონს. საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში, ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა რეკორდული თანხა - 8 417 991 ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 87%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად ემზადება 2019 წლის ეკოტურისტული სეზონისთვის. საქართველოს ეროვნულ პარკებში ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.