თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველომ აფხაზეთის მომარაგების მიზნით რუსული კომპანია „ინტერ რაოსგან“ 45 მილიონ კილოვატ/საათი ელექტროენერგია შეიძინა, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ პირველი არხის ეთერში.
ის, რომ აფხაზეთს ელექტროენერგიის მოწოდების პრობლემები შეექმნებოდა, ცნობილი ჯერ კიდევ თებერვლის შუა რიცხვებში გახდა. მაშინ „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ განაცხადა, რომ თუ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვის კუთხით არ იქნება მიღებული ზომები, 5 მარტისთვის წყალსაცავში წყალი აღარ დარჩება.
აფხაზეთი ელექტროენერგიის გათიშვის საფრთხის წინაშე დგას >>
თურნავას მონაცემებით, აფხაზეთისთვის 315 ათასი დოლარის ელექტროენერგიის შესაძენად კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როცა საქართველო აფხაზეთს ეხმარება.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა. მსგავსი პრაქტიკა იყო წინა წლებშიც, რადგან „ენგურჰესი“ ჩვენი ელექტროენერგიის ძირითადი წყაროა, მისი ნაწილი მდებარეობს საქართველოს კონტროლირებად, ხოლო ნაწილი – არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. 25 წელია ჩვენ გვიწევს ამ ელექტროენერგიის გაზიარება აფხაზეთთან, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოსთან. არსებობს პერიოდები, როცა „ენგურჰესის“ წყლის რესურსი არ არის საკმარისი, რათა დააბალანსოს აფხაზეთის მზარდი მოხმარება. ასეთ დროს ვიყენებთ მექანიზმს, რომ პირდაპირ ხდება შესყიდვა „ინტერ რაოსგან“, რათა დაბალანსდეს აფხაზეთის ენერგომოხმარების დეფიციტი“, - განაცხადა თურნავამ.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის დაეხმაროს აფხაზეთის მოსახლეობას ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში.
„ენერგეტიკა არის დარგი, რომელიც ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან გვაახლოებს. როდესაც ენგურის რესურსი არ არის საკმარისი, გვაქვს ორი გამოსავალი – ერთი, არ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, რის შედეგადაც აფხაზეთი გაითიშება და ჩაბნელდება, ეს პირველ რიგში, იქ მცხოვრებ მოსახლეობას, ჩვენს აფხაზ და ქართველ თანამემამულეებს დაარტყამს, ან ვიყენებთ მეორე გამოსავალს, რაც წლების პრაქტიკაა, რომ დავაბალანსოთ და ჩვენ თვითონ მივაწოდოთ აფხაზეთს ელექტროენერგია“, – აღნიშნა თურნავამ.
ბოლო კვირის განმავლობაში აფხაზეთის მოსახლეობა ელექტროენერგიას გრაფიკით იღებდა. თუმცა 27 თებერვალს ადგილობრივმა კომპანია „ჩერნომორენერგომ“ შეზღუდვების მოხსნის შესახებ განაცხადა.
„რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის გადადინება განხორციელებულია. შეზღუდვები მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგებაში მოხსნილია“, - ნათქვამია კომპანიის Facebook-გვერდზე.
„ენგურჰესი" კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია. ის 1970-იან წლებში აშენდა და ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.
„ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.