უკრაინის მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლას პირადობის თანამედროვე მოწმობებით შეძლებენ

1 მარტიდან საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათით შეუძლიათ.
Sputnik

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. უკრაინა მეორე ქვეყანა გახდა, სადაც საქართველოს მოქალაქეები საერთაშორისო პასპორტის გარეშე ჩასვლას შეძლებენ.

შეთანხმება საქართველოსა და უკრაინას შორის, რომლის თანახმად, ამ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველო-უკრაინის საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათით, პირადობის თანამედროვე მოწმობებით შეუძლიათ, 1 მარტს ამოქმედდა.

ქართული პასპორტი უფრო ძლიერი გახდა – უვიზოდ მსოფლიოს 74 ქვეყანაში

ID-ბარათი – ელექტრონული მაღალტექნოლოგიური პირადობის მოწმობაა, რომელიც მაქსიმალურადაა დაცული გაყალბებისგან.

საქართველოს და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა მამუკა ბახტაძემ და ვლადიმირ გროისმანმა გასული წლის 5 ოქტომბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას ვიზისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ.

პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. მისი საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით იდენტიფიცირება, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის გაკეთება.

ID-ბარათით საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ. საქართველო–თურქეთის საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთის შესახებ შეთანხმება 2011 წლიდან მოქმედებს.