საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ბრალდებულები საზღვრის კვეთას ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენებით ცდილობდნენ
Sputnik

თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ  გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, თურქეთის მოქალაქე საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“  თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას დააკავეს. იგი საქართველოში შემოსვლას თურქეთის მოქალაქეებზე გაცემული, სავარაუდოდ, ყალბი პირადობის მოწმობებით ცდილობდა.

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან: დაკავებულია ერთი პირი

ასევე, სამართალდამცველებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ  გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით ლიბანის მოქალაქეც დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპატრულო პოლიციის მესაზღვრე-კონტროლიორს, საპასპორტო კონტროლის გავლისას, სავარაუდოდ, რუმინეთის მოქალაქის ყალბი პასპორტი წარუდგინა.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების მიერ წარდგენილი დოკუმენტები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-344-ე („საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა“ ) და 362-ე ( „ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება“ ) მუხლების პირველი  ნაწილებით მიმდინარეობს.