„შემომეხარჯა" – ანუ როგორ „დანებდა" დიდი ბრიტანეთის ელჩი ქართულ ზმნას

ბრიტანეთის ელჩმა თარგმანის მთელი სირთულეები საკუთარ თავზე „იწვნია", როდესაც ცდილობდა ერთი ქართული ზმნის მნიშვნელობა განემარტა.
Sputnik

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტმა, რომელიც ქართულ ენას სწავლობს, Twitter-ზე განათავსა საინტერესო ფოტო და ზედ წააწერა „ქართული ზმნები მართლაც ყველაფრის მთქმელია".

ფოტოზე წერია ქართული ზმნა „შემომეხარჯა" და მისი განმარტება – „შემთხვევით ყველაფერი დავხარჯე, მაგრამ ეს არ მინდოდა და ახლა ველოდები, რომ ამ ფაქტს გაგებით მოეკიდებით".

ბრიტანელი ელჩის პოსტი ძალზე პოპულარული გახდა, ის გაიზიარა დაახლოებით 300-მა ადამიანმა და დაახლოებით ათასმა – მოიწონა.

კომენტარებში ხელმომწერები მაკკენზის ხუმრობითა და სერიოზულად მსგავს ზმნებს აწვდიან: „შემომეჭამა", „შემომეBREXITა" და სხვ.

ჯასტინ მაკკენზი სმიტი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი 2016 წლის აგვისტოდან არის, თუმცა ქართული ენის სწავლა მან 2015 წლიდან დაიწყო. დიპლომატმა საკმაოდ კარგად იცის ქართული და ამ ენაზე საჯარო განცხადებებითაც გამოდის.