ზვიად კვაჭანტირაძემ „ქართული ოცნება" დატოვა: ვინ იქნება შემდეგი

კვაჭანტირაძის საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლა დაადასტურა ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, რომლის განცხადებით, ახლო მომავალში მმართველი პარტიის დატოვებას სხვა წევრებიც გეგმავენ.
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთმა გავლენიანმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დატოვების შესახებ განაცხადა.

ეკა ბესელია პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნას აანონსებს>>>

კვაჭანტირაძე ბოლო დღეებში მეხუთე დეპუტატია, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება" დატოვა. უმრავლესობის დატოვებას არ გამორიცხავს დეპუტატი კობა ნარჩემაშვილიც.

„გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, არის გარკვეულწილად იმის პროტესტი, დღეს ჩვენ პარლამენტში რა სიტუაციაშიც ვართ. ეს ჩემთვის არის ძალიან მტკვნეული თემა. ჩემი გადაწყვეტილება წასვლის თაობაზე იქნება სწორი გადაწყვეტილება ჩემი თანამებრძოლების, მეგობრების წინაშე... მე ვუერთდები ჩემი მეგობრების მცირერიცხოვან ჯგუფს, რომლებმაც ასეთი გადაწყვეტილება ძალიან ბევრი მიზეზიდან გამომდინარე მიიღეს", – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კვაჭანტირაძის საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლა დაადასტურა ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, რომლის განცხადებით, ახლო მომავალში მმართველი პარტიის დატოვებას სხვა წევრებიც გეგმავენ.

გედევან ფოფხაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება" დატოვა

„უმრავლესობაში კიდევ რამდენიმე ადამიანი არსებობს, ვინც ფიქრობს და პოტენციურად სავარაუდოა, რომ უმრავლესობას დატოვებს. ასეთ ადამიანებზე პოზიციები წინასწარ იყო ცნობილი. განსხვავებული მოსაზრებები არაკონსტიტუციურ კანონზე დაფიქსირდა. მიუხედავად რამდენიმე ადამიანის წასვლისა, „ქართული ოცნება" მყარი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი", – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ზვიად კვაჭანტირაძე პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობასაც დატოვებს, რადგან ის პარლამენტმა აღნიშნულ პოსტზე უმრავლესობის წარდგენით აირჩია.

რამდენიმე დღის წინ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა – პარტიის რიგები დატოვეს ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა და ლევან გოგიჩაიშვილმა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი ჩავარდა – უმრავლესობამ სიტყვა შეარსულა>>>

ეკა ბესელია გედევან ფოფხაძესთან და ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად იყო ავტორი პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტისა, რომელიც მათ პარლამენტში 11 თებერვალს წარადგინეს. საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა პარლამენტის დეპუტატების ინიციატივას საქალაქო, რაიონული და სააპელაციო მოსამართლეების უვადო წესით დანიშვნის 2024 წლამდე გადადების შესახებ. ბესელიამ და გოგიჩაიშვილმა, მას შემდეგ, რაც ეს შესწორებები ჩავარდა, განაცხადეს, რომ ტოვებენ პარტიას.

ბესელია არ გამორიცხავს პარლამენტში ორი ფრაქციის შექმნას და საპარლამენტო უმცირესობის სტატუსის მოპოვებას.

რაც შეეხება ბექა ნაცვლიშვილს, მან დეპუტატებს საპენსიო რეფორმის საკუთარი ვერსია წარუდგინა და პირობა დადო, რომ თუ მმართველი პარტიის დეპუტატები მას მხარს არ დაუჭერდნენ, ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებდა. ასეც მოხდა: კანონპროექტი ჩავარდა, ხოლო ნაცვლიშვილმა წასვლის შესახებ განაცხადა.