როდის იწყება ყველიერის კვირა 2019 წელს

დიდი მარხვის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მართლმადიდებლები ყველიერის კვირას აღნიშნავენ.
Sputnik

ყველიერის კვირის დაწყების თარიღი ქრისტეს აღდგომას უკავშირდება და ამ დღესასწაულიდან 56 დღით ადრე იწყება.

2019 წელს ყველიერი 4 მარტს დაიწყება და 10 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.  

ყველიერის კვირა - ეს არის მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის. ამ დროს იკრძალება ხორცის მიღება. თუმცა ხსნილია რძის ნაწარმით, კვერცხითა და თევზით ოთხშაბათისა და პარასკევის ჩათვლით.

ყველიერის კვირის დღეებში საქართველოში ძირითადი კერძი ხაჭაპურია, მორწმუნეები ასევე ამზადებენ ყველის ხინკლებსაც. სხვა ქვეყნებში ამ დღეს მართლმადიდებლები ბლინებს აცხობენ.

როდის იწყება აღდგომის მარხვა 2019 წელს

ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღე ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც განსაკუთრებული სინანულითა და სულიერი განწმენდის სურვილით ხვდება თითოეული ქრისტიანი. ეკლესია ამ დღეს სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.

ამ დღეს ქრისტიანები ერთმანეთსაც სთხოვენ შენდობას. ამიტომ ამ დღეს შენდობის კვირაც ეწოდება.

ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას მორწმუნეები ეფრემ ასურის ლოცვას კითხულობენ.

ილია მეორე: ჩვენ უნდა შევიგრძნოთ ჩვენი უარყოფითი მხარეები

ყველიერის კვირას მორწმუნეები ასევე იხსენებენ ადამის სამოთხიდან განდევნას და ამით ხაზს უსვამენ იმას, რომ ეკლესიისგან საკუთარი ნებით დაშორებული ადამიანი სულიერ სამყაროსთან კავშირს კარგავს.

ყველიერის კვირის დასრულების შემდეგ დიდი მარხვა იწყება. ამ პერიოდში ყოველი მორწმუნე ინდივიდუალურად წყვეტს, რა სახით მოემზადოს დიდი მარხვისათვის.

2019 წელს დიდი მარხვა 11 მარტს იწყება, ხოლო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია 28 აპრილს აღნიშნავს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.