გრიპი ბრუნდება? - საქართველოში მარტში ვირუსის ახალ ტალღას ელოდებიან

ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში გრიპის ვირუსის პიკი მხოლოდ ახლა დადგა, ამიტომ საქართველოში ვირუსის მეორე ტალღა გამორიცხული არ არის
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ინფექციონისტები არ გამორიცხავენ, რომ მარტში გაიზრდება გრიპის ვირუსით ავადობის შემთხვევები, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

გრიპის ნიშნებით ხულოში ოთხი წლის ბავში დაიღუპა

დეკემბერ-იანვარში საქართველოში H1N1 გრიპის ვირუსი, ე.წ. ღორის გრიპი მძვინვარებდა. ამ სეზონზე H1N1 გრიპისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 22 ადამიანს მიაღწია. ამჟამად ავადობის შემთხვევები მცირდება. მაგრამ გრიპის ვირუსი ქვეყანაში კვლავ ცირკულირებს. ბოლო მონაცემებით, ასი ათას ადამიანზე ასი დაავადებულია, ხოლო ეპიდემიის დროს ასი ათას ადამიანზე დაავადებულთა რაოდენობა 450-ს შეადგენს.

„რაც შეეხება გრიპის ვირუსის მეორე ტალღას, საქართველოში პიკი დეკემბრის ბოლოს გვქონდა, მაგრამ ევროპის რიგ ქვეყნებში პიკური მაჩვენებლები ახლა ფიქსირდება, რადგან ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ, გამორიცხული არ არის გარკვეული ტალღები მარტშიც დაფიქსირდეს. მოსახლეობას მოვუწოდებ, ფრთხილად იყოს და დაიცვას ჰიგიენასთან დაკავშირებული რეკომენდაციები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს გრიპის პირველივე სიმპტომების შემთხვევაში, მიმართონ ექიმს. მისი თქმით, „ღორის გრიპის“ (H1N1) გარდა ქვეყანაში H3N2 და B ტიპის ვირუსებიც ცირკულირებს.

ამ მომენტისთვის საქართველოში „ღორის გრიპის“ გამო მიმართვიანობა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც შემცირდა. თუ დეკემბერში ეს მაჩვენებელი 41%-ს აღწევდა, ახლა ის 19-20%-მდე შემცირდა.

„ღორის გრიპი“ უკან იხევს – ბოლო მონაცემები

გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს. ზოგი ადამიანის ორგანიზმში ის შედარებით იოლად მიმდინარეობს, გართულებების გარეშე, ზოგ შემთხვევებში კი დაავადება ლეტალურად შეიძლება დასრულდეს. რისკის ჯგუფში შედიან ორსულები, ხანდაზმულები, ბავშვები, ქრონიკული დაავადებებისა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირები.

ჯანდაცვის სამინისტროს გრიპის სეზონი დაახლოებით ათი მილიონი ლარი უჯდება. კიდევ ერთი მილიონი ლარი დაემატა ანტივირუსული პრეპარატ „ტამიფლუს“ შესაძენად, რომელიც ექიმის დანიშნულებით უფასოდ გაიცემა. ვაქცინაციაზე დაახლოებით 700 ათასი ლარი იხარჯება.

გრიპი ბრუნდება? - საქართველოში მარტში ვირუსის ახალ ტალღას ელოდებიან