უფასოდ მუზეუმში: დედის დღესთან დაკავშირებით თბილისში ქალებს საჩუქარი ელოდებათ

თბილისის ყველაზე ახალი მუზეუმი იწვევს ქალბატონებს უფასოდ დაათვალიერონ ექსპოზიცია, სადაც ქართველი მხატვრების 3500-ზე მეტი ნამუშევარია წარმოდგენილი
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. თბილისის ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი დედის დღესთან დაკავშირებით 3 მარტს ყველა ქალბატონს ექსპოზიციის დასათვალიერებლად იწვევს. მუზეუმში ქალბატონებისთვის შესვლა თავისუფალია.

„მიიღეთ ჩვენი საჩუქარი და გვეწვიეთ კვირას მუზეუმში! წინასწარ გილოცავთ დედის დღეს!“, - ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ შეყვარებულთა დღეს, 14 თებერვალს, მუზეუმი წყვილებს ბილეთებს ნახევარ ფასად სთავაზობდა.

დედის დღის ისტორია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება, რომელმაც 1991 წელს ის პარლამენტის დასამტკიცებლად გამოიტანა. ახალ დღესასწაულს ქალთა საერთაშორისო დღე უნდა შეეცვალა, რადგან მაშინ 8 მარტი, გამსახურდიას ინიციატივით, გააუქმეს. 

თბილისში, შესაძლოა, ნიკო ფიროსმანის თანამედროვე მუზეუმი აშენდეს

თუმცა, ათი წლის შემდეგ 8 მარტი ისევ დღესასწაული გახდა — 2002 წელს, საქართველოს მეორე პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პერიოდში, პარლამენტის გადაწყვეტილებით ის აღადგინეს. 8 მარტი კვლავ დღესასწაულად ნინო ბურჯანაძის ინიციატივით იქცა, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

შესაბამისად, საქართველოში ქალებსა და დედებს ორი დღესასწაული ეძღვნება — 3 მარტი და 8 მარტი, ორივე დღე უქმეა.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი 2018 წელს თბილისში, რუსთაველის 7 ნომერში გაიხსნა, სადაც თავის დროზე „მხატვრის სახლი“ იყო განთავსებული.

მუზეუმი ბოლო 70 წლის მანძილზე მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვრების 3500-ზე მეტ ნამუშევარს სთავაზობს, რომლებსაც 20 წლის განმავლობაში მუზეუმის დამფუძნებლები, კოლექციონერები გია ჯოხთაბერიძე და მანანა შევარდნაძე საოჯახო კერძო კოლექციაში აგროვებდნენ. მუზეუმი მიზნად ისახავს მსოფლიოში ქართული სახვითი ხელოვნების პოპულარიზაციას. მუზეუმის კოლექციები პერიოდულად შეივსება ახალი ნამუშევრებით.

იტალიის შემდეგ პირველად თბილისში – და ვინჩის რეპროდუქციების ციფრული ჩვენება

ხელოვნების ნიმუშები 1945 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. მათ შორის არის აპოლონ ქუთათელაძის, კორნელი სანაძის, ნათელა იანქოშვილის, ედმონდ კალანდაძის, სერგო ფარაჯანოვის, ჯიბსონ ხუნდაძის, ალბერტ დილბარიანის, ზურაბ ნიჟარაძის, ლევ ბაიახჩევის, გივი თოიძის, თენგიზ მირზაშვილის, რადიშ თორდიას, თემო ჯაფარიძის, გაიანე ხაჩატურიანის, თამაზ ხუციშვილის, გოგი ჩაგელიშვილის, ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრები.

საგამოფენო სივრცე 7 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს და მუზეუმის სამ სართულზე, 31 საგამოფენო დარბაზშია გაშლილი. მუზეუმში ასევე მოეწყობა უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისად აღჭურვილი საცავი, რომელიც 6 000 სურათს დაიტევს, 120-კაციანი საკონფერენციო დარბაზი და კიდევ ერთი საგამოფენო სივრცე დროებითი ექსპოზიციებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს ეკუთვნის თანამედროვე ცენტრი „არტ ჰაუსი“ , რომელიც ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და აერთიანებს რესტორნებს, კაფეებს, საცურაო აუზს, საუნას, სავარჯიშო დარბაზსა და ბუტიკებს. მიწის ქვეშ განთავსებულია სამსართულიანი ავტოფარეხი 155 მანქანისთვის.