2019 წლის იანვრიდან საქართველოში ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა ყველა კატეგორიის ავტომობილისთვის. ახლა სადგურებზე, სადაც ინსპექტირება ხდება, მანქანების რიგები გაჩნდა – ყველა ჩქარობს ტექდათვალიერების დროულად გავლას, რათა თავიდან აიცილონ ჯარიმა.
კერძო მსუბუქი ავტომობილებისათვის პროცედურის გავლა 60 ლარი ღირს. თუ მანქანას ტექდათვალიერებისას უწესივრობა აღმოაჩნდა, პატრონს ეძლევა 30 დღე მის მოსაწესრიგებლად. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანქანას ამ 30 დღის განმავლობაში ტექდათვალიერების გარეშე გადაადგილება შეუძლია – თუ სავალდებული ინსპექტირების გათვლილი ვადა ამოწურულია, მძღოლი აუცილებლად დაჯარიმდება. თუმცა, უშუალოდ განმეორებითი ტექდათვალიერება უფასო იქნება.
თუ მანქანა ტექდათვალიერებას დროულად არ გაივლის, ამაზე ჯარიმა 50 ლარს შეადგენს, რომელიც თვეში ერთხელ გამოიწერება. ამრიგად, ერთი წლის განმავლობაში ინსპექტირების გარეშე გადაადგილების შედეგად ჯარიმა 600 ლარს შეადგენს. თუმცა გადასახადის გადავადება არ გამოვა – ჯარიმის გადახდისთვისაც ერთი თვეა გათვალისწინებული, შემდეგ იწყება საურავის დაკისრება. ჯარიმის 6 თვის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში მძღოლს მართვის მოწმობა ნახევარი წლის ვადით ჩამოერთმევა.
როდის აქვს ავტომობილს ტექდათვალიერება გასავლელი, ამის შესახებ ინფორმაციის მოძიება შეიძლება ვებ-გვერდზე www.pti.ge. აქ ასევე შესაძლებელია რიგში ონლაინ რეგისტრაცია. ტექდათვალიერებაზე მოწმდება გამონაბოლქვი, სამუხრუჭე სისტემა, ფარები, საჭის მართვის მექანიზმი, გარე და შიდა განათება, ჩამომრეცხების მუშაობა და მათი მდგომარეობა, საქარე მინა, დაბურვის დონე, უსაფრთხოების ღვედები, საბურავების მდგომარეობა (არ არის აუცილებელი ოთხივე იყოს ერთნაირი), ასევე შასი და მისი შემადგენელი ნაწილები.