სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „მადა" დახურა

სააგენტოს ინფორმაციით, ნახევარფაბრიკატების საწარმო „მადა" საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ შეძლებს.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ნახევარფაბრიკატების საწარმო შპს „მადას" კრიტიკული შეუსაბამობობების გამოვლენის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, საწარმოს შემოწმებისას ცხრა სხვადასხვა კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, კერძოდ, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, სურსათის შენახვის, წარმოება/გადამუშავების არასათანადო პირობები, კოროზირებული დანადგარები და ა.შ. 

გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნეს-ოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სააგენტოს ინფორმაციით, შპს „მადა" საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ შეძლებს.

ამასთან ერთად სააგენტო საგანგებოდ განმარტავს, რომ აღნიშნულ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელს (შპს „მადას") არაფერი აქვს საერთო საკონდიტრო საწარმო „მადარტთან", რომელიც მომხმარებლისთვის „მადას" სახელით არის ცნობილი.

ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი შპს „მადას" იურიდიული მისამართია თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, მუხიანის მე-3 მ/რ-ნი, ხოლო ფაქტობრივი მისამართია – დიდი დიღომი, ნაკვეთი N8.

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებია ინსპექტირება, მონიტორინგი, ზედამხედველობა, დოკუმენტური შემოწმება და ნიმუშის აღება.