ორთაჭალაში მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ამჟამად 15 სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულება არსებობს.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ორთაჭალის მე-12 პენიტენციური დაწესებულება რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში განთავსდა, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მე-12 დაწესებულების 248 პატიმრის ეტაპირება ახალ შენობაში შაბათს, 23 თებერვალს განხორციელდა. ახალი პენიტენციური დაწესებულება რუსთავში მე-16 დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ 309 პირზე გათვლილ კორპუსში განთავსდა, რომელიც გამიჯნულია მე-16 დაწესებულებისგან.

რუსთავში ორი ახალი პენიტენციური დაწესებულება აშენდება>>>

უწყების ცნობით, მე-12 დაწესებულების ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაში იყო. კერძოდ, შენობა იყო ბარაკული ტიპის, საკნების დიდ ნაწილს არ ჰქონდა საპირფარეშო, არ არსებობდა სასადილო, რის გამოც პატიმრები საკნებში იკვებებოდნენ. სამედიცინო ნაწილი ორ ოთახში იყო განთავსებული, რის გამოც მედპერსონალი მსჯავრდებულებს სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ უწევდა. მძიმე მდგომარეობაში იყო ბიბლიოთეკა და პაემნების ოთახებიც. 

ორთაჭალაში მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა

რუსთავში ახალი დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს დაიწყო, დამონტაჟდა 132 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა, კეთილმოეწყო დაწესებულების 300 ადამიანზე გათვლილი სასადილო, დაწესებულების მაღაზია სრულად აღიჭურვა შესაბამისი ინფრასტრუქტურით (თაროები, სათავსოები, მაცივრები და სხვ.), მოეწყო სამი საგამოძიებო ოთახი, ასევე ყველა ოთახი შესაბამისი საოფისე და სხვა ინვენტარით აღიჭურვა. მსჯავრდებულებისთვის გამოყოფილ საერთო სივრცეებში დამონტაჟდა ტელევიზორები.

შენობა, სადაც მე-12 დაწესებულება განთავსდა, არის დახურული და ნახევრადღია ტიპის, ოთხ პირზე გათვლილი საკნებით. შენობაში არის დეესკალაციის 5 საკანი, განმარტოების 4 საკანი, შშმ პირების საჭიროებებზე ადაპტირებული ორი საკანი (ოთხკაციანი), მოწყობილია სასტუმროს ტიპის 10 ნომერი ხანგრძლივი პაემნებისთვის, ხანმოკლე პაემნების სივრცე ისე არის მოწყობილი, რომ პაემნები მინის ბარიერის გარეშე ჩატარდება. დაწესებულების ტერიტორიაზე არის სპორტული მოედანი, სავარჯიშო მოედანი.

ადვოკატმა პატიმრებთან პაემნებისთვის რელიგია მოიგონა>>>

ასევე ცალკე შენობაშია განთავსებული სამედიცინო ნაწილი, რომელშიც ფუნქციონირებს აფთიაქი, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ოთახი, ხელმისაწვდომია სტომატოლოგიური მომსახურება, ელექტროკარდიოგრაფია, ულტრასონოგრაფია და ფიზიოთერაპიული პროცედურები. ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება რენტგენის ოთახის მოწყობა და თანამედროვე ტიპის სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით აღჭურვული ცენტრალური სასტერილიზაციოს დამონტაჟება.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, მე-12 დაწესებულების ახალ შენობაში დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება სპეციალური სივრცეები რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებისთვის, ასევე 100 კვადრატული მეტრის ფართობის ბიბლიოთეკა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დღესდღეობით 15 სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულება არსებობს, მათ შორის, 2 სამკურნალო, 1 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო და 1 ქალთა სპეციალური დაწესებულება.