სალომე ზურაბიშვილი შეწყალების წესების გამკაცრების მომხრეა

სალომე ზურაბიშვილი ისაუბრებს პარლამენტში იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს შეწყალების კომისია
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საჭიროდ მიიჩნევს მსჯავრდებულთა შეწყალების წესების გამკაცრებას, განაცხადა პრესკონფერენციაზე სახელმწიფოს მეთაურის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

ცნობილია საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის თარიღი >>

ამის შესახებ ზურაბიშვილი ისაუბრებს პარლამენტში პრეზიდენტის რანგში თავისი პირველი გამოსვლის დროს. ის პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს 6 მარტს წარადგენს.

„შეწყალების აქტი პრეზიდენტისთვის წარმოადგენს კონსტიტუციურ უფლებას. სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს შეწყალების ახალი წესის შემუშავებას და ასევე კომისიის დაკომპლექტების საკითხს. შეწყალება წარმოადგენს ჰუმანურ ქმედებას სახელმწიფოს მხრიდან, რომლითაც პრეზიდენტი მსჯავრდებულს აძლევს რესოციალიზაციის საშუალებას“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ საკითხს განსაკუთრებული სიფრთხილით ეპყრობა.

რატომ თქვა უარი „ოცნებამ“ სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებაზე

„პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საჭიროა შეწყალების წესის გამკაცრება... არსებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ არ შეიძლება მსჯავრდებულების დიდი რაოდენობით და ბევრი კითხვის ნიშნის ფონზე შეწყალება. ეს აჩენს რისკს და ზრდის პირთა მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობას და ასევე, საზოგადოებაში აჩენს შეგრძნებას, რომ მიუხედავად ჩადენილი დანაშაულისა, შესაძლებელია მოხდეს ნებისმიერი მსჯავრდებულის შეწყალება“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისი თქმით, წესები უნდა იყოს იმგვარი, რომ შეწყალების სახელმწიფო კომისიისადმი საზოგადოების ნდობა აიმაღლოს. მანამდე გახდა ცნობილი, რომ ზურაბიშვილი ამ სტრუქტურის დაკომპლექტებას ახლებურად გეგმავს.

„თუ რა ფორმით იარსებებს კომისია, იქნება ის სხვა სტრუქტურულ ერთეულში თუ დარჩება კვლავ პირვანდელი სახით, მისი გადაწყვეტილება მაინც ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი. ამდენად, პრეზიდენტი არის და იქნება ჩართული შეწყალების საქმიანობაში და კონკრეტულ მსჯავრდებულთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, საკითხის ზედმიწევნით შესწავლის პირობებში მოხდება“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს >>

შეწყალება მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივას წარმოადგენს.

კანონის მიხედვით, შეწყალების უფლება აქვს პირს, რომელმაც მოიხადა სასჯელის ვადის ნახევარზე მეტი, ვინც გასამართლებული იყო  ორი ან მეტი მუხლით და მისჯილი ჰქონდა 5 წელზე მეტი, ასევე პირს, რომელმაც მოიხადა ვადის 1/3, გასამართლებული იყო ერთი მუხლით და მისჯილი ჰქონდა 5 წელზე ნაკლები.