Sputnik-ის მკითხველები უკმაყოფილო არიან საქართველოში საპენსიო რეფორმით

„Sputnik–საქართველოს“ მკითხველებმა მონაწილეობა მიიღეს ტრადიციულ გამოკითხვაში და უპასუხეს კითხვას „მხარს უჭერთ თუ არა საქართველოში დაგროვებით საპენსიო სისტემას?“
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik.„Sputnik-საქართველოს“ მკითხველთა უმეტესობა, რომლებმაც ონლაინ-გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა, 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ ახალ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს.

კითხვას, „მხარს უჭერთ თუ არა საქართველოში დაგროვებით საპენსიო სისტემას", მკითხველთა 65,3%-მა უპასუხა „არა, უბრალოდ ბიუჯეტის შესავსებად სჭირდებათ".

გამოკითხვაში მონაწილეთა 15,2%-მა მხარი დაუჭირა პასუხის ვარიანტს „მაინტერესებს, როგორ იმუშავებს". ასეთივე პროცენტული რაოდენობა მიიღო პასუხმა „კი, ადრე უნდა დაენერგათ". მკითხველთა 4,3%-მა კი აირჩია პასუხი „ჩემთვის სულ ერთია".

პრემიერი: საპენსიო რეფორმის გარეშე სოციალურის დაცვის უზრუნველყოფა წარმოუდგენელია

საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 1 იანვრიდან ამოქმედდა. ახალი სქემის თანახმად, საქართველოს თითოეულ დასაქმებულ მოქალაქეს ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხოელს ექნება საკუთარი საპენსიო ანგარიში, რომელზეც ის ყოველთვიურად ხელფასის 2%-ს გადარიცხავს, იმავე რაოდენობის თანხას გადაურიცხავს დამსაქმებელი და ასევე სახელმწიფო – 2%-ს, თუ ბენეფიციარის ნომინალური წლიური შემოსავალი 24 ათას ლარზე ნაკლებს შეადგენს და 1%-ს, თუ შემოსავალი აღემატება ამ თანხას, თუმცა, 60 ათას ლარს არ აჭარბებს.

საქართველოში 1 იანვრიდან 40 წლამდე ასაკის თითოეული დასაქმებული მოქალაქე ვალდებულია სიბერისთვის თანხის დაგროვება დაიწყოს, 40 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის კი დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია.