თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი პატიმრობაში დატოვა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
სასამართლო სხდომა დღეს სუბელიანის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე გაიმართა.
მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლასთან დაკავშირებით და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
„თუ საზოგადოებისთვის საჭიროა ვიჯდები, სამარტოო საკანში გამოვსწორდი", - განაცხადა სუბელიანმა სასამართლოზე.
სუბელიანის სასამართლო სხდომა 4 მარტს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით განახლდება.
საქართველოს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი გასული წლის 9 ივნისს დააკავეს. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლი) ედავება.
მისი შვილი ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს. ერთ-ერთი გარდაცვლილის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე კი სუბელიანს მკვლელობის საქმის გამოძიებაში ჩარევას სდებს ბრალად.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.
იმ პერიოდში სუბელიანი მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში მუშაობდა. 2017 წლის 3 დეკემბერს სუბელიანმა პროკურატურაში თანამდებობა დატოვა.