თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველო დგას სერიოზული დემოგრაფიული პრობლემების წინაშე: შობადობა მცირდება, იზრდება ქვეყნიდან მიგრაცია, აცხადებს დემოგრაფი, მრავალი სამეცნიერო ნამუშევრის ავტორი ანზორ თოთაძე.
მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველოს დემოგრაფიული განვითარება – საფრთხეები და სცენარი“ გაიმართა „Sputnik საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს–ცენტრში. დემოგრაფმა თოთაძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ იცვლებოდა საქართველოს მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში.
მისი თქმით, პირველი ცნობები საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის შესახებ 1254 წლით თარიღდება. მაშინ გადასახადების შემოღებისა და ჯარის ჩამოყალიბების მიზნით მოსახლეობის აღწერა ჩატარდა. სავარაუდოდ, იმ დროს საქართველოში 7,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. თბილისის მოსახლეობა 150 ათას ადამიანს შეადგენდა.
მომდევნო მონაცემები ასახავს უკვე 1800 წლის მდგომარეობას, მაშინ ქვეყანაში 675 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო 1814 წელს ეს ციფრი 400 ათასამდე შემცირდა.
ანზორ თოთაძე: საქართველოდან ემიგრაციაში 1 600 ათასი ადამიანია წასული >>
„ასეთი მცირე რაოდენობის მოსახლეობა საქართველოში ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა. ასეთი კატასტროფული მდგომარეობის მიზეზი ჭირი გახდა. მოსახლეობის ნახევარი დაიხოცა. საქართველოში ჭირი გაჩნდა ჯერ ქართლ-კახეთში, შემდეგ იმერეთში. იმერლები ისედაც ცოტანი იყვნენ - სულ 140 ათასი ადამიანი, ხოლო ჭირის დროს 1811 წელს დაიხოცა 80 ათასი ადამიანი. ჭირი სამი წელი (1811-1814) გაგრძელდა და მთელ ქვეყანას მოედო“, - აცხადებს თოთაძე.
1897 წელს ჩატარდა რუსეთის იმპერიის მოსახლეობის აღწერა. ამ მონაცემების თანახმად, საქართველოში იმ დროს უკვე 2 მილიონი 109 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ქართველები პირდაპირი გაგებით ფიზიკურ განადგურებას გადაურჩნენ.
„ბევრი დასვამს შეკითხვას, როგორ მოხდა, რომ 83 წლის განმავლობაში მოსახლეობა ხუთჯერ გაიზარდა. მაგრამ ნებისმიერი მეცნიერი დაადასტურებს, რომ თუ არ იქნება ომები და ეპიდემიები, 20-25 წლის განმავლობაში მოსახლეობა გაორმაგდება“, - აღნიშნა თოთაძემ.
1926 წელს საქართველოში ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო 1989 წელს ეს რიცხვი 5,5 მილიონამდე გაიზარდა.
ბოლო წლებში საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობის მოსახლეობა 1992 წელს დაფიქსირდა - 5 მილიონი 467 ათასი ადამიანი. 2002 წლიდან საქართველოს მოსახლეობამ შემცირება დაიწყო და დღეისათვის ის 3,7 მილიონ ადამიანს შეადგენს.
თოთაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობის ბავშვი 1961 წელს დაიბადა - 104 ათასი. შობადობის მნიშვნელოვანი შემცირება საქართველოში 1992 წლიდან დაიწყო. 2005 წელს საქართველოში მხოლოდ 46 ათასი ბავშვი დაიბადა.
დემოგრაფები მოუწოდებენ ქართველ ჟურნალისტებს მიიტანონ ინფორმაცია მოსახლეობის შემცირების პრობლემისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ. დემოგრაფიული პრობლემები ევროპასაც შეექმნა. უძლიერესი ევროპული სახელმწიფოები მის გადასაჭრელად კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ, რადგან ერები ფაქტობრივად მსოფლიო რუკიდან ქრებიან.