„პატრიოტთა ალიანსი“ იშლება - დავით ჭიჭინაძემ ფრაქცია დატოვა

უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატის წასვლისა და ერთ-ერთი ფრაქციის შესაძლო ლიკვიდაციის შემდეგ პარლამენტის სტრუქტურა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეიცვალოს
Sputnik

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ დატოვა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ჭიჭინაძის წასვლის შემდეგ, ამ ფრაქციაში დეპუტატების რაოდენობა ხუთამდე შემცირდა, ფრაქციაში კი მინიმუმ ექვსი დეპუტატი უნდა იყოს. „პატრიოტებმა“ ერთ კვირაში უნდა მოძებნონ ჭიჭინაძის შემცვლელი, წინააღმდეგ შემთხევაში ფრაქცია დაიშლება.

ეკა ბესელია პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნას აანონსებს

„ჩვენ ერთი კვირა გვაქვს დრო, რომ ფრაქცია შევავსოთ. თუ ეს არ მოხდა, ჩვენ ვიმუშავებთ, როგორც პატრიოტთა ჯგუფი პარლამენტში. ჩვენი ამოცანები და მიზნები, ცხადია, არ შეიცვლება იმის გამო, რომ ფრაქცია არ გვეყოლება. უბრალოდ, რაღაც ბერკეტები არ გვექნება, მაგრამ მაღალი ტრიბუნა ჩვენს ხელშია”, – განუცხადა ჟურნალისტებს „პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ადა მარშანიამ.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჭიჭინაძე პარლამენტის დეპუტატ ეკა ბესელიასთან ახალი ფრაქციის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავს. საქმე ისაა, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებული უთანხმოებების გამო ბესელიამ გედევან ფოფხაძესთან, ლევან გოგიჩაიშვილთან და ბექა ნაცვლიშვილთან ერთად გასულ კვირაში საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს და საკუთარი ფრაქციის შექმნა გადაწყვიტეს.

„დღეიდან დავიწყებ ყველა იმ ადამიანთან კონსულტაციას, რომელიც ამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის ქვეშ შეიძლება იყოს მოაზრებული. ეს გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც თემატურად გაერთიანდება პირველ ეტაპზე. ეს თემა პირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმას და სამართლიანობის პროცესს. თემატურად შეგვიძლია ვითანამშრომლოთ მათ შორის „სოციალ-დემოკრატებთანაც“. ვიცი, რომ ისინიც ფიქრობენ ამაზე, არ გამოვრიცხავ, რომ მალე მოხდეს ეს“, – განაცხადა ბესელიამ.

ქართული პოლიტიკური გოგლიმოგლი და მოსამართლის გაცვეთილი მანტია...

საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ოპოზიციისთვისაც არ აუვლიათ გვერდი. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რომან გოცირიძემ არ გამორიცხა მოლაპარაკებების დაწყება საპარლამენტო უმცირესობასთან „ევროპული საქართველოს“ სახით ახალი ფორმაციის უმცირესობის შექმნის კუთხით.

საქმე ისაა, რომ რეგლამენტის თანახმად, ფრაქციას ან ფრაქციებს შეუძლიათ საპარლამენტო უმცირესობის შექმნა იმ შემთხვევაში, თუ მათი დეპუტატების საერთო რაოდენობა სანახევროდ აღემატება უმრავლესობის გარეთ არსებულ დეპუტატთა რაოდენობას. დღეისათვის საპარლამენტო უმცირესობა 20 დეპუტატს ითვლის და იმ შემთხვევაში, თუ გაიზრდება იმ დეპუტატების რაოდენობა, რომლებიც უმრავლესობას ტოვებენ, არსებულ უმცირესობას საფრთხე ემუქრება.

„უმრავლესობა დამატებით სამმა დეპუტატმა უნდა დატოვოს, რის შემდეგაც უმცირესობა დაიშლება. საპარლამენტო უმცირესობა არის სერიოზული ბერკეტი ოპოზიციისთვის, დროის გამოყენების კუთხით, წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებში, ამ ფუნქციის დაკარგვა მნიშვნელოვნად შეასუსტებს ოპოზიციის აქტივობას პარლამენტში და ეს არის ცუდი. რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდება, თუ დაიშლება უმცირესობა, ვიმსჯელებთ როგორც ფრაქციაში, ასევე პარლამენტში, ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით არც კონსულტაციები გვქონია „ევროპულ საქართველოსთან“ და არც პარტიაში გვიმსჯელია," - განაცხადა გოცირიძემ Imedi-ს ეთერში.