სკოლის მოსწავლეებისთვის პრეზიდენტის სასახლეში ექსკურსია მოეწყო

ექსკურსიის დროს მოსწავლეებს შენობის ისტორიის შესახებ უამბეს
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეები გურიის სოფლებიდან ნასაკირალი და ზოტი თბილისში ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლეში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე შესაძლოა, მუზეუმად აქციონ

ამ სოფლებში უმეტესად მუსლიმი მოსახლეობა ცხოვრობს. მოსწავლეებს პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ქეთი მახარაშვილმა უმასპინძლა, რომელიც უმცირესობების საკითხებს კურირებს.

ექსკურსიის დროს მოსწავლეებს შენობის ისტორიის შესახებ უამბეს. მახარაშვილმა მათთან ასევე იმსჯელა განათლების, ცოდნის მიღების, თვალსაწიერის გაფართოებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობაზე.

მახარაშვილის განცხადებით, პირველი ექსკურსია მაღალმთიანი რეგიონებიდან ჩამოსული ბავშვებისათვის მოეწყო. „მათ მიმართ ყურადღების გამოჩენა და დედაქალაქში მიმდინარე ღონისძიებებში ჩართვის ხელშეწყობა უაღრესად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა მან.

უფროსკლასელები თბილისში იმყოფებიან პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ქართული ფონდი და დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.