ბერლინის ღვინის კონკურსის ჟიურის წევრებად საქართველოდან ღვინის ექსპერტები მიიწვიეს

კონკურსზე მსოფლიოს 41 ქვეყნის 1400-ზე მეტმა ღვინის მწარმოებელმა სხვადასხვა დასახელების პროდუქცია წარადგინა
Sputnik

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ბერლინის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ("Berliner Wein Trophy 2019") ჟიურის წევრებად საქართველოდან ღვინის ექსპერტები მიიწვიეს, აღნიშნულია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, ჟიურის წევრებად ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია არიან მიწვეული.

„კონკურსის პროფესიონალურ ჟიურიში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით", - ნათქვამია განცხადებაში.

კონკურსი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 21-24 თებერვალს იმართება. კონკურსზე მსოფლიოს 41 ქვეყნის 1400-ზე მეტმა ღვინის მწარმოებელმა სხვადასხვა დასახელების პროდუქცია წარადგინა. შედეგები კი ცნობილი მიმდინარე წლის 1 მარტს გახდება.

გერმანიაში გამოფენაზე ქართულმა კომპანიებმა ღვინის ავეჯი წარადგინეს

სააგენტოს ცნობით, გამარჯვებული ღვინოები „პრემიუმ ოქროს", „ოქროს" და „ვერცხლის" მედლებით დაჯილდოვდებიან.

Berliner Wein Trophy გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვანი და უმსხვილესი საერთაშორისო ღვინის კონკურსია და მასში მონაწილეობენ ცნობილი ღვინის მწარმოებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბერლინის ღვინის საერთაშორისო კონკურსი 1994 წლიდან იმართება. პირველ კონკურსზე სულ 180 ღვინის კომპანია მონაწილეობდა, ამჟამად კი ეს კონკურსი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ღონისძიებაა და ყოველწლიურად საკონკურსოდ წარმოდგენილია ათასობით ღვინის ნიმუში.

კონკურსი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციისა (OIV), ენოლოგთა მსოფლიო ასოციაციისა (UIOE) და ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსების მსოფლიო ფედერაციის (VinoFed) პატრონაჟით ტარდება.