მეორე სიცოცხლე 20 წუთში იწყება, ანუ როცა დამოკიდებული გოიმი აღარ ხარ

არ გვითხრათ, რომ არ გაგაფრთხილეთ, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და თავად გადაწყვიტეთ...
Sputnik

როდესაც ნოდარ დუმბაძეს ჰკითხეს, თუ რატომ ეწეოდა სიგარეტს, მან უპასუხა: მე არ მინდა ჯანმრთელი მოვკვდე.

ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. შესაძლოა თქვენც იზიარებდეთ ბატონი ნოდარის აზრს, არაფერს გაძალებთ, თუმცა მაინც მინდა შეგახსენოთ:

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 32%-ზე მეტი თამბაქოს მომხმარებელია, რის გამოც ყოველწლიურად დაახლოებით 11 400 ადამიანი იღუპება.

ნუ იქნები გოიმი – მოწევა მოდაში აღარ არის!

ეს კი იმისთვის, რომ მერე არ თქვათ, არ ვიცოდითო:

სიახლე არ არის, რომ ნიკოტინი გულისცემას ზრდის და სისხლძარღვებს ავიწროებს. მოწევის დანებებიდან 20 წუთში გულისცემა და სისხლის წნევა ნორმალურ ნიშნულს უბრუნდება.

2 საათში - ორგანიზმში მცირდება დოპამინის რაოდენობა, რასაც ნიკოტინის საშუალებით იღებდით. დოპამინი იძლევა კეთილდღეობის განცდას. ამ დროს ადამიანს ნიკოტინის შიმშილი ძლიერად აწუხებს და ხასიათი ეცვლება, ირღვევა ძილიანობა და სუსტდება მთელი ორგანიზმი.

8 საათში - იმატებს ჟანგბადის მიწოდება ორგანიზმის მნიშვნელოვან ორგანოებში: გულში, ტვინში, ფილტვებში. ნიკოტინი იწვევს მცირე არტერიების შევიწროებას და არითმიას, ზრდის გულის შეკუმშვის სიჩქარეს. იზრდება სისხლის შედედების სიჩქარე, რაც ხელს უწყობს თრომბების წარმოქმნას. ქოშინი, დაღლილობა, გულის არითმია, ათეროსკლეროზი – ეს ყველაფერი სიგარეტის მოწევის შედეგია. რვა საათში კი სისხლის მიმოქცევაში ჟანგბადის რაოდენობა ნორმალურ ნიშნულს უბრუნდება.

მოწევა კლავს! – როგორ დავანებოთ თამბაქოს მოწევას თავი

24 საათში - მოგინდებათ მკვეთრი გემოს პროდუქტი. შესაძლოა ხველა, მცირე ტკივილი მუცლის არეში, დაძინების პრობლემა კვლავ არსებობს, თუმცა არ ეცადოთ ამ სიმპტომების სამედიცინო პრეპარატებით აღმოფხვრას. შეეცადეთ გაიხსენოთ მოტივები, რატომაც გადაწყვიტეთ თამბაქოსთვის თავის დანებება. ამ დროს ფილტვები ტოქსინებისგან იწმინდება. მცირდება გულ-სისხლძარღვთა არტერიული დაავადებების განვითარების საშიშროება.

48 საათი - დაზიანებული ნერვული დაბოლოებების აღდგენა იწყება. გემოს რეცეპტორები, რომლებიც კუპრისგან იყო დაზიანებული, აღდგენას იწყებს და საკვები უფრო გემრიელი გვეჩვენება. ხველა ისევ შესამჩნევია, შეგაწუხებთ ნახველიც.

72 საათში - ნიკოტინის ყოფილ მომხმარებელს თავის ტკივილი ეწყება, ამას თან ახლავს გულისრევა, შფოთვა და/ან დეპრესია.

7 დღეში - ძირითადი ემოცია სიცარიელის შეგრძნებაა, ხვდები, რომ მოწევა უფრო რიტუალია, ვიდრე ფიზიკური მოთხოვნილება. სასურველია მოერიდოთ კონტაქტს მწეველებთან.

1 თვეში - მცირდება რისკი, რომ განვითარდეს მეორე ტიპის დიაბეტი, სიმსივნე და კარდიოდაავადებები. ყოფილი მწეველი პრაქტიკულად აღარ ახველებს.

სიგარეტისთვის თავის დანებებიდან ხუთი წლის განმავლობაში ადამიანი დაახლოებით ათ კილოგრამს იმატებს.

წლების განმავლობაში ფილტვის სიმსივნის განვითარების რისკი ნახევარჯერ მცირდება მწეველ ადამიანთან შედარებით. გულის შეტევის ალბათობა კი ისეთივეა, როგორიც იმ ადამიანის შემთხვევაში, ვისაც არასდროს მოუწევია.

ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, თავად გადაწყვიტე... მაგრამ მერე არ თქვათ, არ ვიცოდიო...