პირველად ერთად: საფრანგეთში ფიროსმანს და ვან გოგს ერთად გამოფენენ

ფრანგულ ქალაქ არლში გამოფენის სტუმრები საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან ფიროსმანის ნამუშევრებს  დაათვალიერებენ 
Sputnik

 

თბილისი, 21 თებერვალი  — Sputnik.  საკულტო მხატვრების – ქართველი ნიკო ფიროსმანისა და ფრანგი ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრებს ერთ სივრცეში პირველად გამოფენენ.

გამოფენა საფრანგეთში 2 მარტს, ქალაქ არლში მდებარე ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში გაიხსება, ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

„სოთბისის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის კიდევ ერთი ნახატი გაიყიდა>>>

დამთვალიერებელი იხილავს ფიროსმანის 29 ნამუშევარს, რომლებიც  ვენაში, ალბერტინას მუზეუმში იყო  წარმოდგენილი – გამოფენა სახელწოდებით NIKO PIROSMANI – A Wonderer Between Worlds, ალბერტინას მუზეუმში 2018 წლის 26 ოქტომბერს გაიხსნა და 2019 წლის 27 იანვრამდე გაგრძელდება. მხატვრის აღნიშნული ნამუშევრები საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდანაა. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ილია ზდანევიჩის მიერ ხელნაკეთი წიგნი სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914". წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი". 

თბილისში, შესაძლოა, ნიკო ფიროსმანის თანამედროვე მუზეუმი აშენდეს

ვან გოგის შემოქმედებიდან კი დამთვალიერებელი მხატვრის მიერ 1884–1889 წლებში შექმნილ ტილოებს იხილავს.

როგორც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში აღნიშნავენ, გამოფენის მთავარი მიზანი ფართო აუდიტორიისთვის ნიკო ფიროსმანის შემოქმედების და ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობაა.

გარდა ამისა, გამოფენის ფარგლებში მუზეუმის თანამედროვე სივრცეში წარმოდგენილი იქნება იმ მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც ფიროსმანისა და ვან გოგის შემოქმედებით არიან შთაგონებული.  მათ შორის იქნება ცნობილი იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა სახელწოდებით  Table Of Pirosmani, რომელიც იაპონელმა არტისტმა ფიროსმანაშვილის ხსოვნას მიუძღვნა. 

პროექტის ორგანიზატორია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ფონდი Infinitart Foundation Vienna  და ვინსენტ ვან გოგის მუზეუმი.