საქართველოში დიასპორის სამმართველო შეიქმნება

საქართველოს განათლების მინისტრის განცხადებით, გაძლიერდება დისტანციური სწავლება და ელექტრონული რესურსები.
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას.

ბატიაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად გერმანიაში ვიზიტით იმყოფება, სადაც ის შეხვედრებს მართავს.

მინისტრის განცხადებით, უცხოეთში მყოფი ქართველები ქვეყნის ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან და სწორედ მათთვის სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება.

„დიასპორასთან მეტი კომუნიკაციისთვის სამინისტროში დიასპორის სამმართველო შეიქმნება, რომელიც თქვენთან მუდმივ კომუნიკაციაში იქნება და უწყვეტ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას თქვენ საჭიროებებზე", – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს დაპირდა, რომ ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან სახელმძღვანელოებით, გაიხსნება კულტურული ცენტრები, სადაც გაზიარებული იქნება მათი მოსაზრებები და შენიშვნები.

იაპონია საქართველოს სამეცნიერო სფეროს განვითარებაში დაეხმარება

გაძლიერდება ასევე დისტანციური სწავლება და გაძლიერდება ელექტრონული რესურსები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.

დიასპორის შესახებ დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმაც რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში გაჩნდება საზაფხულო ბანაკი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ახალგაზრდებისთვის. დიასპორისთვის კიდევ ერთი პროექტია ქართული ენის დისტანციური შესწავლა, რომელიც ამ ეტაპზე საპილოტე რეჟიმში ხორციელდება საქართველოს საელჩოში ლონდონში.

ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრისას პრეზიდენტი აგრეთვე გამოვიდა ინიციატივით, თბილისში გაიხსნას ცენტრი, რომელიც "ერთი ფანჯრის" პრინციპით მოემსახურება დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს, ან დროებით ჩამოვიდნენ. ისინი შეძლებენ ინფორმაციის მიღებას სამუშაო ადგილების, ბინების დაქირავების, სამედიცინო სერვისების, სწავლის შესახებ და სხვ.