თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა იტალიიდან საქართველოში საფოსტო გზავნილის სახით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გამოგზავნეს.
„ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით იტალიაში ველოსიპედი შეიძინეს, მასში სპეციალურად მოწყობილ სამალავში ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი" მოათავსეს და ფოსტის მეშვეობით საქართველოში გამოგზავნეს", – აღნიშნულია განცხადებაში
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის დაკავებისას ნივთმტკიცებად ფოსტიდან ახლად გამოტანილი ველოსიპედი ამოიღეს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის" 268 აბი და 10 ნატეხი იყო მოთავსებული.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით, ასევე 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას გულისხმობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.