ილია მეორემ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიის წარმომადგენლები მიიღო

უკრაინის ეკლესიის წარმომადგენლებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ საკუთარი პოზიცია გააცნეს
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ უკრაინის ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) საგარეო განყოფილების ხელმძღვანელს, ბორისპოლისა და ბროვარსკის მიტროპოლიტ ანტონს (პაკანიჩი) და მის თანმხლებ პირებს უმასპინძლა, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ქართულ ეკლესიას თავისი პოზიცია უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ჯერ არ განუცხადებია. ახალი ეკლესია 2018 წლის დეკემბერში კიევში გამაერთიანებელ კრებაზე უკრაინაში ადრე მოქმედი ორი არაკანონიკური საეკლესიო სტრუქტურის შერწყმის შედეგად წარმოიქმნა.

„შეხვედრა არაოფიციალური იყო და სტუმრობის მიზანს წარმოადგენდა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოწოდება და მათი პოზიციის ჩვენთვის გაცნობა. ითქვა, რომ ტომოსის გადაცემის შემდეგ სხვადასხვა ტაძრებსა და რეგიონებში ხშირია კონფლიქტი მორწმუნეთა შორის ეკლესიების კუთვნილებასთან დაკავშირებით, რაც დიდ დაპირისპირებას ქმნის მრევლში და სასულიერო პირებთან მიმართებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ილია მეორემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს და გულისტკივილი გამოთქვა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებიტ, ამავე დროს, მოუწოდა მათ, გააძლიერონ ლოცვები, რათა „ღვთის მადლით დაიძლიოს პრობლემა და მართლმადიდებელთა ერთობა შენარჩუნდეს“.

მსოფლიო პატრიარქი: საქართველო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას უკრაინულ ეკლესიაზე

საქართველოში იანვრის ბოლოს მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია იმყოფებოდა. როგორც მოგვიანებით დელეგაციის ხელმძღვანელმა, საფრანგეთის მიტროპოლიტმა ემანუელმა განაცხადა, ისინი გაგებით ეკიდებიან ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის პოიციას, რომელმაც გადაწყვიტა, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხთან დაკავშირებით არ იჩქაროს.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ კიევს 6 იანვარს ახალი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი გადასცა. დოკუმენტიდან გამომდინარე, მისი იურისდიქცია უკრაინის ტერიტორიით შემოიფარგლება, მას არ შეუძლია ეპისკოპოსების დანიშვნა და მრევლის დაფუძნება საზღვარგარეთ.

ახალ უკრაინულ ეკლესიას სათავეში მიტროპოლიტი ეპიფანე დუმენკო ჩაუდგა. კანონიკურმა უკრაინულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.