Food Trucks – თბილისის მერიის ახალი ინიციატივა

თბილისში ღამის ცხოვრების აქტიური განვითარებიდან გამომდინარე, ღამის კვების ობიექტებიც გაჩნდება.
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ახლო მომავალში დედაქალაქის ქუჩებში ღამის კვების ობიექტები, ე.წ. Food Trucks გაჩნდება, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ.

ხუნწარიას განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება „ღამის ეკონომიკის" განვითარების მიზნით იგეგმება.

„ე.წ. Food Trucks-ები ერთ-ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე გაიშლება. ღამის კვების ობიექტების განვითარების მიმართულებით საკმაოდ დიდი ინტერესია, რომელიც მოსაწესრიგებელია, რადგან ღამის ცხოვრების მხრივ მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია. იმ გამოწვევებს, რაც ამ მიმართულებით დგას, უნდა ვუპასუხოთ", – აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად თბილისის მოსახლეობასთან ვიდეოდიალოგის დროს.

თბილისის ათივე რაიონში ჩატარდება კვლევები, თუ რამდენად სჭირდება თითოეულ მათგანს „ღამის ეკონომიკის" განვითარება.

თბილისის „ღამის ეკონომიკას“ საერთაშორისო ფორუმზე განიხილავენ

ღამის თბილისის განვითარება კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო და ეს ღამის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას და ქალაქის საგადასახადო შემოსავლების გაზრდას ისახავს მიზნად.

თბილისის მერიამ „ღამის ეკონომიკის" განვითარების კუთხით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგა. კერძოდ, 2018 წლის სექტემბრის ბოლოს ამოქმედდა კანონპროექტი, რომლის ფარგლებშიც შაბათ-კვირას ღამის საათებში დედაქალაქის ქუჩებში ავტობუსები მოძრაობენ. „ღამის ავტობუსი" №222 მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრიდან" „ვარკეთილამდე" 24:00 საათიდან 06:00 საათამდე მოძრაობს.

გარდა ამისა, პირველად გაიმართა „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი", რომლის ფარგლებშიც ჩატარდა მუსიკალური ფესტივალი Newon.

სამშაბათს, საღამოს თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებთან ერთად სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვიდეოკონფერენცია გამართა, რომელზეც მათ თბილისელების კითხვებს უპასუხეს. ოთხშაბათს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერმა აღნიშნა, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაციის ინტენსიური ფორმატის დაწყებაა საჭირო. კალაძემ პირობა დადო, რომ მოსახლეობასთან დიალოგის ეს ფორმატი გაგრძელდება, რაიონების ხელმძღვანელებს კი მისგან მაგალითის აღებისკენ მოუწოდა.