ძლიერი ქარი და წვიმა: ქუთაისში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა საქართველოს დედაქალაქშიც.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ქუთაისში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისში ძლიერმა ქარმა მოსახლეობა დააზარალა

შემთხვევა თაბუკაშვილის N86-ში გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სახლში ორი მცირეწლოვანი ბავშვი დედასთან და ბებიასთან ერთად იმყოფებოდა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაზარალებულ ოჯახს დაეხმარებიან.

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა დედაქალაქშიც. ისანში, სავაჭრო ცენტრ Isani Mall-თან წაიქცა ხე, რომელმაც ოთხი ავტომობილი დააზიანა. ვარკეთილში კი ქარმა პოლიეთილენის ქარხანას სახურავი გადახადა, რომელიც გაზის მილებს დაეცა. დაზიანდა მოქალაქის ავტომობილიც, რომელსაც სახურავის ნაწილი დაეცა. ქარმა ჩამოწყვიტა ელექტროსადენებიც. დიღმის მასივში მე-11 სართულიდან აივნის კონსტრუქცია ჩამოვარდა და ორი ავტომობილი დააზიანა.

ასევე ძლიერმა ქარმა გორის სოფელ შავშვების სკოლის ეზოში მდებარე შენობას სახურავი გადახადა.

ამ დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდა. ქვეყნის უმეტეს რაიონში ნალექი მოვიდა. ქარის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 28 მეტრს აღწევდა. საქართველოს ტერიტორიაზე ძლიერი ქარი და დაბალი ტემპერატურა 20 თებერვლამდე შენარჩუნდება.