თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატი, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი და შემდგომში მისი მოწინააღმდეგე კობა დავითაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და მაისში შუალედურ საპარლამენტო არევნებში მონაწილეობას გეგმავს.
ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ვაკანტური ადგილი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა.
„ჩემი მიზანი არ არის პარლამენტში მოხვედრა. ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი ვიყავი. მიხეილ სააკაშვილის მობრუნება მიმაჩნია ძალიან დიდ საფრთხედ ქვეყნისთვის, ამიტომ იძულებული ვარ აქტიურად ჩავერთო პოლიტიკაში. დავბრუნდი იმიტომ, რომ ვერ ვხედავ ქართულ ოცნებაში იმ ძალას, რომელიც წინ აღუდგება ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის რევანშს“, — განაცხადა დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის ასევე იბრძოლებენ ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია და სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი.