თბილისელებს ქარის დროს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას შეცვალოს სიცოცხლისთვის საშიში დანადგარები თანამედროვე,  უსაფრთხო, დახურული წვის კამერიანი მოწყობილობებით.
Sputnik

 

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik.  გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ–თბილისი“ ქარიან დღეებში მოსახლეობის  იმ ნაწილს, რომელიც ღია წვის კამერიან გაზის გამათბობლებს იყენებენ, სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

რამდენიმე დღეა საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში ძლიერი ქარი ქრის. დროგამოშვებით ქარის სიძლიერე წამში 20–25 მეტრს აღწევს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარი ოთხშაბათს, 20 თებერვალს ჩადგება.

როგორც კომპანია „ყაზტრანსგაზ–თბილისის“ განცხადებაშია აღნიშნული, ქარის ზემოქმედებით, ღია წვის კამერიანი გაზის დანადგარიდან შესაძლოა, გაზის ნამწვი, CO მხუთავი აირი ოთახში გაიფრქვას.  

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“: 2018 წელს ბუნებრივ აირზე მომუშავე 69 133 დანადგარი ჩაიხსნა

 „ქარიან ამინდში საფრთხეები მნიშვნელოვნად იზრდება! შესაბამისად, იმ მოქალაქეებს, ვინც ჯერ კიდევ ღია წვის კამერიან გამათბობლებსა და წყლის გამაცხელებლებს იყენებენ, მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გამორთონ ისინი და დაუკავშირდნენ „ყაზტრანსგაზ-თბილისს“. ჩვენი სპეციალისტები უფასოდ დაგეხმარებიან  დანადგარების დემონტაჟში“,  – ნათქვამია განცხადებაში.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას შეცვალოს სიცოცხლისთვის საშიში დანადგარები თანამედროვე,  უსაფრთხო, დახურული წვის კამერიანი მოწყობილობებით.

საჭიროების შემთხვევაში კომპანია გთხოვთ  დარეკოთ ნომერზე: 114. ზარი უფასოა.

თბილისის საცხოვრებელ სახლებში მრავალი წელია ცენტრალური გათბობის სისტემა არ არის, ამიტომაც მოსახლეობა სხვადასხვა ელექტრო და გაზის მოწყობილობებით თბება. ხშირად ეს დანადგარები უხარისხოა, რადგანაც მცირეშემოსავლინი მოსახლეობა ვერ ახერხებს ხარისხიანი გამათბობლების შეძენას.

 თბილისში ბოლო ერთი თვის განმავლობაში კუსტარულად დამონტაჟებული დაახლოებით 2,4 ათასი გაზის დანადგარი ჩაიხსნა. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას მოუწოდებს არ გამოიყენონ აკრძალული ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებლები და გაზის გამათბობლები, რადგან ამით საფრთხეს უქმნიან თავიანთ სიცოცხლეს, ოჯახსა და კორპუსში მცხოვრებ მეზობლებს.