ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა შიმშილობა შეწყვიტეს

სტუდენტებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას ბიზნეს–სკოლის გაუქმების გამო მიმართეს.
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. თბილისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ილიაუნი) 15 სტუდენტისგან შემდგარმა ჯგუფმა შიმშილობა შეწყვიტა – მათ სასწავლო დაწესებულების აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმების მიღწევა შეძლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სტუდენტების უკმაყოფილება გამოწვეულია იმით, რომ თებერვლის დასაწყისში რეორგანიზაციის ფარგლებში ბიზნესის სკოლა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტს შეუერთდა, ხოლო ყოფილი ბიზნესის სკოლის დეკანი, ეროვნული ბანკის ექს-პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, სტუდენტებმა 16 თებერვალს რექტორ გიგა ზედანიას გადადგომა მოითხოვეს და შიმშილობა დაიწყეს.

ორშაბათს სტუდენტებმა უნივერსიტეტის რექტორთან და აკადემიური საბჭოს წარმომადგენლებთან სამსაათიანი შეხვედრა გამართეს. მათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლეს, თუმცა პროცესი პროტესტიდან სამუშო რეჟიმში გადავიდა. 

ქართული დიპლომები, შესაძლოა, ევროპაში აღიარონ

სტუდენტებმა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტად გარდაქმნა მოითხოვეს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ აღნიშნული საკითხის ორი კვირის განმავლობაში განხილვის პირობა დადო, რის შემდეგაც აკადემიური საბჭო საკუთარ გადაწყვეტილებას წარმოადგენს.

„ნებისმიერ შემთხვევაში ამ ფაკულტეტზე ბიზნეს–სკოლის ავტონომიურობა იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა რექტორმა.

აკადემიური საბჭოს წარმომადგენლებთან სტუდენტების შეხვედრის დროს არ განხილულა გიორგი ქადაგიძის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე დაბრუნების საკითხი. სტუდენტების სიტყვებით, ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი ფაკულტეტის სტრუქტურასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევაა.

შიდა რეორგანიზაციას არ უჭერენ მხარს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი და მოწვეული ლექტორები. მათ ხელმოწერები შეაგროვეს იმისთვის, რათა ბიზნეს–სკოლას სტატუს–კვო დაუბრუნდეს და აღნიშნულ საკითხში ჩაერთოს ყველა დაინტერესებული მხარე. ბიზნეს–სკოლისთვის ადრინდელი სტატუსის დაბრუნების მოთხოვნით პეტიციას 4,6 ათსზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.