საქართველოს მთავრობა დევნილი ოჯახების იპოთეკას დაფარავს

განაცხადები პროექტში მონაწილეობაზე უწყებაში 15 მარტამდე უნდა იყოს წარდგენილი.
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა კიდევ 110 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს დაუფარავს იპოთეკურ სესხს, იუწყება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

„დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის დაფარვის" პროექტი 2015 წლიდან დაიწყო. ამ დროისთვის სამინისტრომ სესხი 375 დევნილ ოჯახს დაუფარა.

სახელმწიფო ერთჯერად ფულად დახმარებას გასცემს იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე შეიძინეს სახლი ან ბინა იპოთეკური კრედიტის მეშვეობით. ამასთან, ეს საცხოვრებელი ოჯახის ერთადერთი საკუთრება უნდა იყოს.

მარნეულში 22 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

იპოთეკური კრედიტის დაფარვისთვის მაქსიმალური ფულადი დახმარება ერთ ოჯახზე 20 ათასი ლარია. წელს მთავრობამ დევნილი ოჯახების იპოთეკის დაფარვის მიზნით 200 ათასი ლარი გამოყო.

განაცხადების მიღება პროექტის მორიგ ეტაპზე მონაწილეობისთვის 15 მარტამდე გაგრძელდება. განაცხადთან ერთად მსურველებმა ასევე უნდა წარადგინონ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაბამისი საფინანსო დაწესებულებიდან უფლებამოსილი პირის დამოწმებით გაცემული ამონაწერი გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობის თაობაზე, "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" ამონაწერი განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე.

ამჟამად საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე 273,4 ათასი ადამიანია.