ისრაელში აჭარისადმი ინტერესი იზრდება

თელ–ავივში ბათუმი 2018 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელეს.
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული პროდუქტები წარადგინა თელ-ავივის საერთაშორისო გამოფენაზე IMTM 2019, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ დეპარტამენტის პრეს–სამსახურში. 

გამოფენაზე სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ აჭარის ტურისტული შესაძლებლობებით. ისრაელში წამყვანმა სამოგზაურო ვებ-გვერდმა Lametayel ბათუმი 2018 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებს სპეციალური პრიზი გადასცა.

გამოფენაში მსოფლიოს 50 ქვეყნიდან დაახლოებით 1,6 ათასმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. 

აჭარას 2018 წელს უცხოელთა რეკორდული რაოდენობა ეწვია

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, ჟურნალისტებთან,  ტურისტულ სფეროში დასაქმებულ საჯარო მოხელეებთან, რომლებიც აჭარაში მიიწვიეს.

გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად საქართველოდან ასევე მონაწილეობდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ტურისტული სააგენტოები.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ისრაელი რეგიონისთვის სამიზნე ქვეყანაა, ამიტომ იზრდება ისრაელიდან აჭარაში საერთაშორისო მოგზაურებისა და ფრენების რაოდენობა.

2018 წელს თელ-ავივიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს 4 ავიაკომპანია ასრულებდა. 2017 წელთან შედარებით გასული წლის განმავლობაში რეგიონში ისრაელიდან 55,3%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა.