თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თვითმფრინავის ბორტზე ირანის მოქალაქეს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და გადაარჩინა.
ქართული მედიის ცნობით, შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ ლაინერის ბორტზე მოხდა, რომელიც ჟენევა-სტამბოლის ავიარეისს ასრულებდა. მაშინ მინისტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამიტიდან სამშობლოში ბრუნდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჟენევაში მცხოვრებმა ირანელმა ფრენის დროს შეუძლოდ იგრძნო თავი. სერგეენკომ ქალს დახმარება აღმოუჩინა და ფრენის დასრულებამდე მის ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად აკონტროლებდა.
ირანელმა ქალმა ქართველ მინისტრს მადლობის წერილი გამოუგზავნა.
„პატივცემულო სერგეენკო, გწერთ რათა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმ დახმარებისათვის, რომელიც ჟენევა-სტამბოლის რეისით ფრენის დროს გამოიჩინეთ ჩემს მიმართ. მსგავსი პროფესიონალური და გულისხმიერი დახმარება ბორტზე არასოდეს მიმიღია. თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ! კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას დახმარებისათვის და იმედს ვიტოვებ, კვლავ შევხვდებით და გაგაცნობთ ჩემი ოჯახის წევრებს", - წერს ირანელი ქალი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრი უცნობ ადამიანებს დახმარებას უწევს.
2013 წლის სექტემბერში სერგეენკო ავიაშოუზე მიდიოდა, როდესაც დაინახა მოსკოვის გამზირზე თუ როგორ დაეჯახა ავტომობილი ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ქვეითს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაშავებული დენის ახმედოვი აღმოჩნდა. თვითმხილველების თქმით, სერგეენკო „სასწრაფო დახმარების“ მისვლას არ დაელოდა და დაშავებულს საკუთარი, პიერ კარდენის ფირმის ჰალსტუხით თავად გადაუხვია ფეხი და სისხლდენა შეუჩერა. მამაკაცს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, თუმცა, დახმარების დროულად აღმოჩენის წყალობით ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.
დღეისთვის პიერ კარდენის ჰალსტუხი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ორგანიზაციის ჯილდოებისა და მედლების გვერდით ინახება.