8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულ 30 წლის უკრაინის მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

სექსუალური ძალადობა რვა წლის გოგონას მიმართ - დაკავებულია 29 წლის მამაკაცი

მამაკაცი ბათუმში 16 თებერვალს დააკავეს, მას შემდეგ, რაც გოგონას დედამ მომხდარის შესახებ მასმედიასთან განაცხადა. ინციდენტი ერთ-ერთ ოჯახური ტიპის სასტუმროში მოხდა, სადაც გოგონას დედა მუშაობდა.

მისი სიტყვებით, ერთ საღამოს იგი მოწმე გახდა, თუ როგორ შევიდა მამაკაცი ბავშვის საძინებელში. როდესაც მამაკაცმა გოგონას დედა დაინახა, ოთახიდან გავიდა. მეორედ ქალმა დაინახა, თუ როგორ გამოდიოდა მამაკაცი სააბაზანოდან იმ დროს, როდესაც აბაზანაში მისი გოგონა იმყოფებოდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.