სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

მოქალაქე, რომელიც ნებაყოფლობით წარადგენს და ჩააბარებს ცეცხლსასროლ იარაღს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე 25 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს „ბელკას“ სისტემის კომბინირებული შაშხანა.

ქვემო ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ასევე, მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოში მცხოვრებმა, 47 წლის მამაკაცმა, მესტიის რაიონულ სამმართველოში ნებაყოფილობით წარმოადგინა და ჩააბარა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

აღნიშნული პირი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.