სკოლის მოსწავლეები ჩინურ ენას ისწავლიან

მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ჩინეთთან თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროებში
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩინურის, როგორც მეორე უცხოური ენის შესწავლას შეძლებენ, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.

შესაბამის ურთიერთგაგების მემორანდუმს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ძი იანჩიმ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანია საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზების ხელშეწყობა.

ჩინური ენა თბილისში: მოთხოვნა და შემსწავლელი კურსები

ბატიაშვილის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს ერთ–ერთი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია ამ ქვეყანასთან თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

პირველ ეტაპზე ჩინური მხარე, ქართველი კოლეგების მხარდაჭერით, საქართველოს რამდენიმე საჯარო სკოლას შეარჩევს და მათ ჩინურის, როგორც მეორე უცხოური ენის შესწავლას შესთავაზებს.

ამჟამად ქართულ სკოლებში სავალდებულო უცხო ენა ინგლისურია. ზოგიერთ სახელმწიფო სკოლაში ასევე ასწავლიან რუსულ, იტალიურ, გერმანულ და ფრანგულ ენებს, მაგრამ როგორც მეორე უცხო ენას.