საქართველოს მოქალაქეს ესპანეთში 3,3 ტონა კოკაინის შეტანის მცდელობა ედება ბრალად

კოკაინი პანამის დროშით მცურავი გემით გადაჰქონდათ
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მოქალაქე დანაშაულებრივი დაჯგუფების 11 წევრს შორის აღმოჩნდა, რომლებიც ესპანეთში 3,3 ტონა კოკაინის შეტანას ცდილობდნენ, ნათქვამია ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ესპანეთში ტონაზე მეტი კოკაინის გადატანისთვის ქართველი დააკავეს

11 ადამიანის დაკავება განხორციელდა ოპერაციის Intraborda Nueva ფარგლებში, რომელიც ესპანეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა სამხრეთ ამერიკიდან ესპანეთში კოკაინის შეტანის გამოსავლენად ჩაატარეს.

ოპერაცია Intraborda Nueva 2017 წელს დაიწყო. 29 იანვარს მებაჟეებმა პორტუგალიის სანაპიროებთან შეამოწმეს პანამის დროშით მცურავი გემი SCAN 1 და 11 ადამიანი დააკავეს.

აქედან რვა უკრაინის მოქალაქეა. ასევე არიან საქართველოს, ნიდერლანდებისა და საფრანგეთის მოქალაქეები.

კოკაინი 80 შეკვრად იყო გემის ზედა გემბანზე განთავსებული. ამოღებული კოკაინის ფასი დაახლოებით 100 მილიონი ევროა.