აფხაზეთი შეიძლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს

„ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭო აფხაზეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის ეკონომიურად გამოყენებისკენ მოუწოდებს
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik.  „ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზეა და თუ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთი არ შეამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას, შეიძლება 5 მარტისთვის წყალსაცავში წყლის მარაგი ამოიწუროს, განაცხადა "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

კომპანია  „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის" ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ელექტროსადგურებმა იანვარში 1 მილიარდ კილოვატ-საათზე მეტი გამოიმუშავეს, აქედან მარტო "ენგურჰესმა" დაახლოებით 216,9 კილოვატ-საათი.

„აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვასთან დაკავშირებით გარკვეული ზომები თუ არ გატარდა, 5 მარტისთვის წყალსაცავში წყალი აღარ გვექნება. აქედან გამომდინარე, აფხაზურმა მხარემ ელექტროენერგია ან რუსეთიდან უნდა შემოიტანოს, ან უნდა შეამციროს მოხმარება და გაუტოლოს რისი რესურსიც გვაქვს. თუ რესურსი რომ ამოიწურება, ჰესი გაჩერდება", - განაცხადა მებონიამ.

ტურისტული ზონა ენგურჰესზე – მსოფლიო დონის პროექტი დასრულებულია

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ოფიციალური თბილისი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისგან პასუხს ელოდება.

„აფხაზეთის მხარე აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსშია და ველოდებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ალბათ, ორშაბათს გვეცოდინება, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ", – განაცხადა ლევან მებონიამ.

იანვარში ვენგურჰესისა" და  „ვარდნილჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთს მიეწოდა, რაც 254 მილიონ კილოოვატ-საათზე მეტია.

„ენგურჰესი" კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია. ის 1970-იან წლებში აშენდა და ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.

 „ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.