ქართული გოგოლი გრიბოედოვის თეატრში – „შინელის" პრემიერა

რეჟისორი მაყურებელს ჰპირდება, რომ ისინი რუსულ კლასიკაში ქართულ თვისებებს დაინახავენ
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის სცენაზე 15 თებერვალს ნიკოლოზ გოგოლის „შინელის“ საპრემიერო ჩვენება გაიმართება. დამდგმელი რეჟისორია ავთანდილ ვარსიმაშვილი.

გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და სპექტაკლის რეჟისორის ავთანდილ ვარსიმაშვილის თქმით, გოგოლის „შინელის“ „პატარა ადამიანის“ თემა აქტუალურია ყველგან და ყოველთვის.

„ხალხის მტრების" ქართველი ცოლები ვარსიმაშვილის სპექტაკლში გაცოცხლდებიან

„ყოველთვის აქტუალური იქნება იმ ადამიანზე მითითება და ლაპარაკი, რომელიც „პატარად“ გვეჩვენება. სინამდვილეში, „პატარა ადამიანი“ არ არსებობს, რადგან ყოველ ე. წ. პატარა ადამიანში ძალიან დიდი ადამიანი, დიდი პიროვნება ცოცხლობს... ეს არის სპექტაკლი იმაზე, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანებს, რადგან თითოეული ადამიანი – ეს პიროვნებაა“, – განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ვარსიმაშვილმა.

რეჟისორის თქმით, რუსი კლასიკოსი ქართულ სცენაზე ზოგიერთ ქართულ თვისებას შეიძენს.

„სპექტაკლში არის რაღაც ქართული, რადგან ეს ქართული რუსულენოვანი თეატრია. ამიტომ აქ გამოკვეთილი ქართული თეატრალური ფორმა და სამსახიობო თეატრალური სკოლაა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ქართული გოგოლია“, – განაცხადა ვარსიმაშვილმა.

სპექტაკლში როლებს ასრულებენ: აპოლონ კუბლაშვილი, მიხეილ არჯევანიძე, ლუდმილა არტიომოვა–მღებრიშვილი, არჩილ ბარათაშვილი, მიხეილ გავაშელი და სხვა.

სცენოგრაფია ეკუთვნის მირიან შველიძეს, ქორეოგრაფია – გია მარღანიას.

სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შეიძლება თეატრის სალაროში და ონლაინ.