ემუქრება თუ არა საქართველოს ღორის აფრიკული ჭირი?

უკრაინის რამდენიმე ოლქში ღორის ე.წ. აფრიკული ჭირის გავრცელების გამო კარანტინი გამოცხადდა.
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. უკრაინიდან ე.წ. აფრიკული ჭირით დაავადებული ღორების საქართველოში მოხვედრის საფრთხე არ არსებობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი სურსათის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით.

სურსათის ეროვნული სააგენტო გაფრთხილებთ: რა უნდა მოითხოვოთ ხორცის შეძენისას>>>

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინის რამდენიმე ოლქში ღორის ე.წ. აფრიკის ჭირის გავრცელების გამო კარანტინი გამოცხადდა.

სურსათის სააგენტომ თურქული ფრინველის ხორცის იმპორტი შეაჩერა

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ იმ საწარმოების ინსპექტირება, საიდანაც პროდუქტის მოწოდება იგეგმება, იმპორტის დაწყებამდე ხდება და იმპორტის განხორციელება მხოლოდ სააგენტოს ექსპერტების დასკვნის საფუძველზეა შესაძლებელი. ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვეა საქართველოში ღორის იმპორტის მოთხოვნით უწყებისთვის არც ერთ ოპერატორს არ მიუმართავს.

კომპანია „ვაზიანი 2012"-ში, რომელიც იმპორტს აწარმოებს, განაცხადეს, რომ სხვა ქვეყნებში, მათ შორის, ბულგარეთსა და ბრაზილიაში, ღორის ხორცი გაიაფდა, უკრაინაში კი, პირიქით – გაძვირდა. სწორედ ამ მიზეზით იმპორტიორებმა უკრაინიდან ცოცხალი ღორის იმპორტზე უარი განაცხადეს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში უკრაინიდან ცოცხალი ღორის იმპორტი არ განხორციელებულა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით კი, აღნიშნული პროდუქტის იმპორტი არც იანვარში განხორციელებულა.

ღორის აფრიკული ჭირი (მონტგომერის დაავადება) ღორის ვირუსული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცხელებით, ციანოზით და შინაგანი სისხლდენით. ღორის აფრიკული ჭირი ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. საქართველოში ბოლოს ვირუსის აფეთქება 2007 წელს დაფიქსირდა.