საქართველოში სკოლამდელი განათლების განვითარება იგეგმება

კვლევების თანახმად, სკოლამდელი განათლების მქონე ბავშვები სწავლის დაწყებისთვის უფრო მომზადებული არიან.
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოში სკოლამდელი განათლების განვითარება აუცილებელია, მიაჩნია განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს.

კვლევებმა აჩვენა, რომ სკოლამდელ განათლებაში ჩართული ბავშვები გაცილებით მარტივად აღწევენ წარმატებებს სკოლაში, აღნიშნა მინისტრმა.

მოსწავლეები განახლებული პროგრამით ისწავლიან – რა ცვლილებები იგეგმება განათლების სისტემაში

„არის მიმართულებები, რომლებსაც შედეგი მოაქვს, თუმცა გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს. მაგალითად სკოლა რომ განვიხილოთ, როგორც მთლიანი სისტემის შედეგი, ასეთი საინტერესო სურათი იკვეთება: მაგალითად, პირველ-მეექვსე კლასებში გვაქვს ძალიან კარგი შედეგი, რაც ჩვენი და საერთაშორისო კვლევებით დასტურდება. ანუ, სისტემა მეტ-ნაკლებად კარგად მუშაობს და შედეგებს გვაძლევს", – განაცხადა ბატიაშვილმა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემაში კომპლექსური რეფორმის გატარება აუცილებელია.

დრო მოვიდა, რათა დაწყებით კლასებში სწავლისადმი მიდგომა შეიცვალოს. მასწავლებელმა ახლებური მეთოდით უნდა იმუშაოს ბავშვებთან, გამოიყენოს გუნდური მუშაობის პრინციპები, ხელი შეუწყოს აზროვნებისა და კრეატიულობის განვითარებას, მიაჩნია მინისტრს, რომლის აზრით, ბავშვებმა გაკვეთილები არ უნდა დაიზეპირონ.

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყო. ექსპერტებმა რეფორმების ათი პაკეტი მოამზადეს, რაც ყველა მიმართულებას მოიცავს. სკოლებში დაგეგმილ ცვლილებებს შორისაა მასწავლებელთა უნარებისა და ცოდნის შეფასების ახალი სისტემა, სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა. რეფორმები ოთხ წელიწადს გაგრძელდება და მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო გახდეს საგანმანათლებლო ცენტრი და ლიდერი რეგიონში.