თბილისში „კავკასიის ქალების“ მინიატურულ სამოსს წარმოადგენენ

ექსპოზიციის ავტორი მრავალი წლის განმავლობაში აგროვებდა და სწავლობდა ეთნოგრაფიულ მასალებს.
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. თბილისში ქართველი ეთნოგრაფის ასმათ საღირიძის გამოფენა სახელწოდებით „კავკასიის ქალები – ასმათ საღირიძის სამყარო“ საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში 12 თებერვალს გაიხსნება, იუწყებიან ორგანიზატორები. 

თბილისში მოდისა და კულტურის მოღვაწეები დააჯილდოვეს - World Rising Stars ცერემონიის კადრები

ექსპოზიციაზე, რომლის დათვალიერებაც 3 მარტამდე იქნება შესაძლებელი, წარმოდგენილი იქნება ეთნოგრაფის მიერ შექმნილი კავკასიაში მცხოვრებ ქალთა სამოსის მინიატურული კოლექცია.  

ეთნოგრაფმა გამოიყენა სხვადასხვა ფონდებიდან, არქივებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, საოჯახო ისტორიული ალბომებიდან, სამუზეუმო საცავებიდან, გასული საუკუნეების მოგზაურთა ჩანახატებიდან მოძიებული მასალა.

ზოგიერთი სამოსის ფერი მუზეუმებისა და კერძო კოლექციების, ასევე სამეცნიერო ისტორიულ-ეთნოლოგიური მასალებისა და აღწერილობების მიხედვითაა აღდგენილი.

„ნამუშევრებში გამოყენებული ქსოვილები და აქსესუარების ფაქტურები ზედმიწევნით გადმოსცემს სამოსელის ხასიათსა და ქალების ეთნიკურ იდენტობას. ოსტატური შესრულება, დახვეწილი ფერისა და ფაქტურის გრძნობა, სილუეტის გამომსახველობა კოლექციას დოკუმენტურთან ერთად მხატვრულ ღირებულებას ანიჭებს“, – ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

გარდა ქართული სამოსისა, გამოფენის დამთვალიერებლები იხილავენ სომეხი, აზერბაიჯანელი, ჩეჩენი, ინგუში, ჩერქეზი, ადიღეელი, ყაბარდოელი, აფხაზი, ოსი და სხვა კავკასიელი ქალების მინიატურულ კაბებს.