თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ თათია ჯანჯღავას სასჯელის სახით რვა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში ცნობილი ჯგუფის „ქუჩის ბიჭების" წევრი ირაკლი ნოზაძე (იგივე „პიკასო") ბრალდებულმა თამთა ჯანჯღავამ გასული წლის 25 ივნისს თბილისში, წერეთლის გამზირზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა. იგი შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ნათია თოფურიასთან ერთად მიიმალა.
სამართალდამცველებმა ორივე ქალი თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომდევნო დღეს, 26 ივნისს დააკავეს.
„2018 წლის 25 ივნისს ვალის დაუყოვნებლივი დაბრუნების მოთხოვნით გაღიზიანებულმა თ.ჯ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით გულ-მკერდის, მარჯვენა ლავიწქვეშა არეში დანით ჭრილობები მიაყენა ირაკლი ნოზაძეს, რომელსაც დაუზიანდა არტერია", – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება ამ საქმეზე დაკავებულ ნათია თოფურიას, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე და 376-ე მუხლებით.