ბასილაშვილმა ჰოლანდიაში გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს პირველი ჩოგანი პირველ ტურში გამარჯვებისთვის საპრიზო 27 ათას ევროს მიიღებს.
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის მამაკაცთა ნაკრების ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (მე-20 ადგილი АТР-ს რეიტინგში) როტერდამში АТР-500 სერიის ტურნირის პირველი წრის ბარიერი გადალახა.

ბასილაშვილმა დაძაბულ მატჩში, რომელიც ორ-ნახევარი საათი გაგრძელდა, სამხრეთკორეელ ჩონ ხიონს სამ სეტში მოუგო – 4:6, 7:6, 6:2.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელების ტოპ-ოცეულში დაბრუნდა

ტურნირის მეორე რაუნდში გასვლით ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა და თითქმის 27 ათასი ევრო საპრიზო გამოიმუშავა. ტურნირის მეოთხედფინალში გასვლისთვის ქართველი ჩოგბურთელი მარტინ კლიჟანისა (39, სლოვაკეთი) და მარტონ ფუჩოვიჩის (38, უნგრეთი) წყვილის შეხვედრაში გამარჯვებულს შეხვდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბასილაშვილს გასულ სეზონზე როტერდამის ტურნირზე არ უთამაშია, ამიტომ ყველა გამომუშავებული სარეიტინგო ქულა მის აქტივში ჩაირიცხება.

როტერდამის ტურნირი ABN AMRO World Tennis Tournament 17 თებერვლამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია თითქმის 2,1 მლნ ევრო. მოქმედი გამარჯვებულია შვეიცარიელი როჯერ ფედერერი.