თბილისის „დინამომ" თურქეთში შეკრებაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

დინამოელები საქართველოს ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადებიან.
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბმა „დინამომ" სლოვენიის „მარიბორი" 3:0 დაამარცხა. ამხანაგური მატჩი თურქეთის ქალაქ ანტალიაში სეზონისწინა შეკრების ფარგლებში გაიმართა.

სლოვენიელებმა თამაში ტერიტორიული უპირატესობით დაიწყეს, ხოლო ზაურ სვანაძის გუნდმა აქცენტი კონტრშეტევებზე გააკეთა. ასეთმა ტაქტიკამ თავისი შედეგი მოიტანა.

გოლების ავტორები არიან ლევან შენგელია (დუბლი) და ლევან კუტალია (11-მეტრიანი).

ეს გამარჯვება „დინამოსთვის" პირველია თურქეთში შეკრებაზე, რომელიც 24 თებერვლამდე გაგრძელდება. შემდეგ ტესტ-მატჩს ქართული გუნდი ლატვიის „ლიეპაიას" წინააღმდეგ 15 თებერვალს გამართავს.

საქართველოს 2019 წლის სეზონის ჩემპიონატი 1 მარტს დაიწყება.