დავით სერგეენკო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 98%-ზე მეტია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ვირუსულ ჰეპატიტებზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის პირველი საკონსულტაციო შეხვედრა გახსნა.
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველო სანიმუშო და ყველაზე წარმატებული ქვეყანაა C ჰეპატიტთან ბრძოლის  მიმართულებით, განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

დავით სერგეენკოს თქმით, კვლევის მიხედვით დადასტურებულია, რომ 150 ათას ადამიანს სჭირდებოდა C ჰეპატიტზე მკურნალობა. პროგრამის დაწყებამდე მკურნალობა მხოლოდ 12-მა ადამიანმა შეძლო საკუთარი ხარჯებით, ახლა კი უკვე 55 ათასზე მეტმა ადამიანმა იმკურნალა ან მკურნალობს.

ბრძოლა ჰეპატიტთან: საქართველოში დაავადების სამკურნალო ახალი პრეპარატი გამოჩნდება

მინისტრის თქმით, განკურნების მაჩვენებელი 98%-ზე მეტია, რაც თავისთავად კარგი მაჩვენებელია.

„მიღწევები ელიმინაციის გზაზე“ - ვირუსულ ჰეპატიტებზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის პირველი საკონსულტაციო შეხვედრა დღეს დავით სერგეენკომ გახსნა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისმა შეარჩია საქართველო იმისთვის, რომ პირველად გამართულიყო ასეთი ფორმატის შეხვედრა. ეს პირველი შეხვედრა გაიმართა საქართველოში, რადგან ჩვენი ქვეყანა მართლაც გამორჩეულია შედეგებით. შედეგები, რომელსაც ჩვენ ამ სამ წელზე ცოტა მეტ ხანში მივაღწიეთ, ნამდვილად არ არის არცერთ სხვა ქვეყანაში,“ - განმარტა მინისტრმა.

საკონსულტაციო შეხვედრა სამ დღეს გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში, 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს ვირუსული ჰეპატიტების მართვის, პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ექნება.