მეზღვაური გოგონა, რომელიც კაპიტნობას აპირებს

პროფესიის არჩევისას ხშირად ვფიქრობთ რამდენად მისაღებია ჩვენი არჩეული პროფესია საზოგადოებისთვის. ნათია ლაბაძემ ყველა სტერეოტიპი დაანგრია, ის 26 წლის მეზღვაურია, რომელიც შორეულ ნაოსნობაში მამაკაცებს ტოლს არ უდებს...
Sputnik

ნინი რაზმაძე 

– ნათია, რატომ  გადაწყვიტე მეზღვაურობა, სხვა პროფესიაზე  არ გიფიქრია?

– ბავშვობიდან მინდოდა მეზღვაური გავმხდარიყავი, ჩემი ოცნება იყო. მამაჩემის და ნათესავების ნაამბობ ისტორიებზე გავიზარდე. ამიტომ გადავწყვიტე მამის გზა გამეგრძელებინა, ჩავაბარე ბათუმის საზღვაო აკადემიაში და გავხდი მეზღვაური. ჩემი ძმა, ბიძაშივლები,  ბაბუები,  ყველანი მეზღვაურები არიან. 

მეზღვაური გოგონა, რომელიც კაპიტნობას აპირებს

– როგორ მოხვდი პირველად გემზე?

– პროფესიით გემთწამყვანი ვარ. ახლა კაპიტნის მესამე თანაშემწე ვარ, მინდა ქართულ ნაოსნობაში პირველი ქალი–კაპიტანი გავხდე. პირველად გემზე 2015 წლის ზაფხულში აღმოვჩნდი. მანამდე გავიარე მოსამზადებელი პერიოდი, გასაუბრებები, კონკურსები...  კადეტად 6 თვე ვიმუშავე და ერთადერთი ქალი ვიყავი იმ გემზე. 6–თვიანი კონტრაქტი იყო, მე კი რვა თვე დავრჩი, რადგან მინდოდა უფრო მეტი მესწავლა და სირთულეებთან გამკლავების უნარი აღმომეჩინა ჩემს თავში.  

– არ გაგიჭირდა ამდენი ხნის განმავლობაში ზღვაში ყოფნა?

– თავიდან, რა თქმა უნდა, ძნელი იყო,  რადგან მენატრებოდა მშობლები, ძმა, მეგობრები და ახლობლები...ბათუმის ქუჩებიც კი მენატრებოდა. 

მეზღვაური გოგონა, რომელიც კაპიტნობას აპირებს

– ზოგადად, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული თქვენი პროფესია?

– სირთულეები ბევრია – შტორმი,  ცუდი ამინდი, ჩაკეტილი სივრცე, ყოველდღიურად  ერთი და იგივე ადამინებს ხედავ. ეს ყვეალფერი რაღაცნაირად რთულია. თუმცა, ყველაზე რთული მეზღვაურისთვის, ალბათ, ოჯახის წევრებისგან შორს ყოფნაა.

– საინტერესო ისტორიები, რომლებიც  გემზე ცხოვრების თანამდევია?

– ბევრი საინტერესო ისტორიაა, მაგრამ როგორც ძველი მეზღვაურები ამბობენ, არავინ არ გვიჯერებს, მეზღაპრეები ხართო. მფრინავი თევზების და დელფინების თავშეყრა საინტერესო და ლამაზი სანახაობაა. გემზე იმდენი საქმეა, ხანდახან თვე ისე მალე გადის,  ვერც ვიგებთ.  გარკვეულწილად რეალურ სამყაროსაც ვწყდებით. მიყვარს მზე, მთვარე, ვარსკვლავები, მოგზაურობა და  ეს არის ყველაზე დიდი სტიმული. ყველა დღე საინტერესო და დაუვიწყარია, მთავარია, არ დაკარგო ინტერესი იმ საქმის მიმართ,  რომელიც ძალიან გიყვარს. 

მეზღვაური გოგონა, რომელიც კაპიტნობას აპირებს

– გემზე ერთადერთი ქალი ხარ,  როგორ შეგხვდნენ ეკიპაჟის წევრები?

– გემზე მართლა ერთადერთი ქალი ვარ. ჩვეულებრივ უხარიათ და უფრო თავშეკავებული არიან. ძალიან სასიამოვნო გრძნობაა,  ყველა ცდილობს დაგეხმაროს... თუმცა, ჩემს საქმეს თავად ვუმკლავდები, რადგან გემზე  ყველა ერთნაირი მისიით ვართ.

– რას ეტყვი მათ,  ვინც პროფესიებს ყოფენ  ქალის და მამაკაცის პროფესიებად?

– ჩემი გადასახედიდან ყველა პროფესია დასაძლევია თუ გინდა წარამტებას  მიაღწიო. არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესია იქნება, მთავარია შენი საქმე გიყვარდეს და აკეთო ისე,  რომ სხვას ხელი არ შეუშალო  და არ დააზარალო.

– ნათია, იცნობ  სხვა  ქართველ ქალ–მეზღვაურებს?

– გამიგია, ერთი გოგო საკრუიზო ლაინერზე მუშაობს, მაგრამ აქამდე არ ვიცოდი მის შესახებ. იგი უფრო მენეჯმენტის განხრით მუშაობს, როგორც ვიცი მასაც ბათუმის საზღვაო აკადემი აქვს დამთავრებული. მიხარია, რომ იმ პერიოდში დავიბადე და გავიზარდე, როდესაც შემიძლია ვაკეთო ის, რაც მინდა და მიყვარს. 

მეზღვაური გოგონა, რომელიც კაპიტნობას აპირებს

– რა გენატრება ყველაზე მეტად გემზე ყოფნის დროს?

– ყველაზე მეტად ჩემი ოჯახი მენატრება. როცა ჩამოვდივარ,  ვცდილობ დიდი დრო ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად გავატარო და ამით მათი მონატრება ავინაზღაურო.

– შენ მთავარი მიზანი და ოცნება...

- ჩემი მთავარი მიზანი კაპიტნის წოდებაა და ამისთვის ბევრს ვშრომობ, დანარჩენს უკვე დრო მოიტანს. მინდა ის ადამიანი გავხდე, რომელიც ქართველ ხალხს რაღაცას შემატებს და მომავალ თობას მისცემს ცოდნას.

– ხალხის დამოკიდებულება როგორია შენს მიმართ როდესაც იგებენ  რომ მეზღვაური ხარ?

– თავიდან არ იჯერებენ,  ფიქრობენ, რომ ვატყუებ, მაგრამ როცა ჩემს სახეზე ღიმილი და სერიოზულობა ერთდოულად ირევა, მაშინ უკვე შოკირებული რჩებიან. მეუბნებიან რომ ყოჩაღი ვარ და როგორც ქალს, მათი ჩემდამი აღტაცება ძალიან მომწონს.