თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ფილმ „ნამეს“ ოპერატორი გიორგი შველიძე „ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების“ მთავარი პრიზის მფლობელი გახდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოებამ გამარჯვებული 9 თებერვალს, ღამით გამოავლინა.
შველიძის ნამუშევარი წარმოდგენილი იყო ნომინაციაში სახელწოდებით Spotlight Award. მისი კონკურენტები კი გახლდნენ ისეთი ფილმების ოპერატორები, როგორიცაა „გოგონა“ (ფრანკ ვან დენ იდენი) და „მხედარი“ (ჯოშუა ჯეიმს რიჩარდსი).
გიორგი შველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თავი სიზმარში ჰგონია და ეს გამარჯვება არამხოლოდ მისი, არამედ სხვა კინემატოგრაფისტების გამარჯვება და სტიმულია, აკეთონ საკუთარი საქმე.
ფილმი „ნამე" — ეს არის ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ახალგაზრდა გოგონას ისტორია, რომელიც მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს და თანასოფლელებს ეხმარება და კურნავს. „ნამე" არის საქართველოს, ლატვიისა და საფრანგეთის კოპროდუქცია.