თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის ფაქტზე არასრულწლოვანი - 2004 წელს დაბადებული გ.ვ. ამხილეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა, არასრულწლოვანმა თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში მდებარე „ელიტ ელექტრონიქსის“ და „მოდერნ ვილას“ ორი მაღაზია, ასევე, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე „ბელუქსის“ და „ლაით ჰაუსის“ მაღაზიები გაქურდა, საიდანაც ფული, სხვადასხვა ნივთები მოიპარა და ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.